საზოგადოება

საქართველოში დაიწყო რეგისტრაცია მარათონზე WINGS FOR LIFE WORLD RUN 2017

30.03.17 17:40


საქართველო მეოთხედ შეუერთდება საერთაშორისო საქველმოქმედო მარათონს WINGS FOR LIFE WORLD RUN —ს, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციაც უკვე დაიწყო.

ქართული მარათონი, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარათონის ნაწილი, 7 მაისს კახეთში გაიმართება. მარათონზე რეგისტრაცია მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარეობს. განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 4 მაისია. მარათონი დაიწყება თელავი-ყვარელის გზების კვეთის მეათე კილომეტრზე, ლოპოტას ტბის ასახვევთან, 15:00 საათზე. ზუსტი მარშრუტი შეგიძლიათ ღონისძიების გვერდზე იხილოთ.

WINGS FOR LIFE WORLD RUN მარათონის უნიკალურობა იმაშია, რომ მას არ აქვს არც ფინიშის ხაზი და არც შეზღუდვა დროში. არის მხოლოდ ერთი წესი: მორბენალს არ უნდა დაეწიოს სპეციალური "ფინიშ-მანქანა", რომელიც დისტანციაზე სტარტის დაწყებიდან 30 წუთში გავა და იმოძრავებს 15-25 კმ/სთ სიჩქარით.

მორბენლებს, რომელთაც მანქანა დაეწევა, სტარტთან სპეციალური ავტობუსი დააბრუნებს.

ყოველ მეხუთე კილომეტრზე განთავსებული იქნება პუნქტი წყლით, ენერგეტიკული სასმელებითა და ხილით. სტარტთან და მთელი მარშრუტის მანძილზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები. იმ შემთხვევაში, თუ მარათონის მონაწილეს რაიმე დაავადება აწუხებს, იგი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს ამის შესახებ ორგანიზატორებს. მარათონს ორი გამარჯვებული ეყოლება — მამაკაცი და ქალი. ისინი შესაძლებლობას მიიღებენ მიიღონ მონაწილეობა WINGS FOR LIFE WORLD RUN 2018-ის მარათონში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. გლობალური მარათონის ჩემპიონები კი პრიზის სახით მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობას მიიღებენ.

ღონისძიებაში მონაწილეობა ფასიანია, ხოლო შეგროვილი თანხა ტრადიციულად ზურგის ტვინის ტრავმების შესწავლის ფონდში გადაირიცხება.

მიმდინარე წელს მარათონი WINGS FOR LIFE WORLD RUN საქართველოში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის Check-in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება. გასულ წელს გარბენში WINGS FOR LIFE WORLD RUN საქართველოში 6 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მარათონის გამარჯვებულები გახდნენ ლივიუ კროიტორუ მოლდოვიდან და რუსეთის მკვიდრი იანა ხმელევა, მარათონში მაშინ ასევე მიიღეს მონაწილეობა ცნობილმა ბრაზილიელმა მორბენალმა ხუან პაბლო დე ლიმა კოსტამ და ყველაზე ხნოვანმა მარათონელმა 92 წლის შოთა სამუშიამ. ხოლო "ფინიშ-მანქანას" ცნობილი ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე მართავდა საქართველოდან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები