ისტორიული სიმართლის დამახინჯების ერთიმაგალითის შესახებ ნაწილი 2

30.03.17 17:50


ავტორი ვერც ერთ ფაქტს ვერ ასახელებს თავისი დებულების სასარგებლოდ და ვერც შეძლებს დასახელებას, რამდენადაც, ასეთი ფაქტები არ არსებობს. ყველა მონაცემი საპირისპიროზე მეტყველებს, უწინარეს ყოვლისა, უნდა მივუთითოთ, რომ ტოკარსკის მტკიცება უსუსურია ლოგიკური თვალსაზრისითაც. რანაირად მოხდა, რომ მოსახლეობის „ძირითადი” და „ძირძველი” მასა, რომელიც თანაც მრავალი ძაფით იყო საკუთრივ სომხეთ-თან დაკავშირებული, იმდენად დაემორჩილა რიცხობრივად მცირე ქართველ ახალმოსახ-ლეთა გავლენას, რომ სულაც გაქართველდა? ტაო-კლარჯელმა სომხებმა რაღა მაინც¬დამაინც ქართული გავლენა განიცადეს? ბერძნულ-აღმოსავლური მართლმადიდებლობა, ან სხვა სიტყვებით, ქალკედონიტობა (დიოფიზიტობა), რომელიც, ტოკარსკის მიხედვით იყო ერთადერთი დამაკავშირებელი რგოლი ტაო-კლარჯეთელ სომხებსა და ქართველებს შორის, ხომ უფრო მეტწილად აერთიანებდა ამ სომხებს ბიზანტიელ ბერძნებთან, რატომ მოხდა ამ სომხების ასიმილირება მაინც¬დამაინც ქართველებთან და არა ბერძნებთან? ადგილობრივ სომეხთა ქალკედონიტობა ხომ მნიშვნელოვანწილად ბიზან¬ტიის პოლიტიკური ზეწოლის შედეგი იყო, და ეს ზეწოლა IX-X საუკუნეებშიც გრძელდებოდა. შესაძლოა, ამ შეუწყნა-რებელი წინააღმდეგობის შერბილების მიზნით ამბობს ტოკარსკი ყრუდ, ქართველი ახალმოსახლეები გამოჩნდნენ „არაბებისა და ეპიდემიებისაგან გაჩანაგებულ მხარეში”, მაგრამ თუკი ეს გაჩანაგება შეეხო მოსახლეობას და აქ იმდენად შეასუსტა სომხური ელემენტი, რომ ქართველებს დაუბრკოლებლად შეაძლებინა მდგომარეობის ბატონ-პატრონი გამხდარიყვნენ, მაშინ ტოკარსკის ყველა შემდგომი მტკიცება, რომლებითაც მკითხველს უპირებს აზრის ჩანერგვას სომხური კულტურის შეუწყვეტელი მემკვიდრეობითობის შესახებ, სრულიად დაუსა¬ბუთებელი აღმოჩნდება. არ იყვნენ ამ კულტურის მატარებ¬ლები, რადგან არც ეს კულტურა არ იყო.

სიმართლე ისაა, რომ მოსახლეობის ძირითადი, მკვიდრი მასა ტაო-კლარჯეთის ტერიტორიებზე ოდითგან ქართული იყო ენითა და კულტურით, ხოლო სომხები, თუკი ისინი სადმე იყვნენ, წარმოადგენდნენ სწორედ ახალმოსახლეებს. სომეხ ახალმოსახლეთა არსებობა შეიძლება დავუშვათ, უმთავრესად, სპერის, ბასიანისა და სამხრეთ ტაოსათვის. საფიქრებელია, რომ სამხრეთ ტაოს ეს ახალმოსახლენი იმ ემიგრანტების სახით მოაწყდნენ, რომლებიც სომეხი ხალხისათვის არაჩვეულებ¬რივად მძიმე ხანებში, V-VII საუკუნეებში სპარსთა და არაბთა ბატონობისას, აქ საიმედო თავშესაფარს ეძებდნენ. ქართველებ¬თან მათ ასიმილაციას ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ მოსულნი რიცხობრივად უფრო ცოტანი იყვნენ, ვიდრე მხარის აბორიგენები. ამ უდავო ფაქტების რაიმე სხვა გონივრული ახსნის წარმოდგენა ნამდვილად შეუძლებელია.

თვით სომხური ისტორიოგრაფია ადასტურებს ამ ერთადერთ დასკვნას, რომელიც ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ მეშვიდე საუკუნის სომხური წყაროები ჩრდილოეთ ტაოს, კერძოდ, მტკვრის სათავეების რაიონს – კოლას, განიხილავენ, როგორც ქართულ ტერიტორიას.

ტაოს მფლობელი ფეოდალური სახლი, სომხური არის¬ტოკრატიის პირველ რიგებში დაწინაურებული მამიკონიანები, თავიანთი წარმომავლობით მიეკუთვნებოდნენ ჭანთა ქართულ ტომს, როგორც ამას აღიარებს და სპეციალურად ასაბუთებს ახალი სომხური ისტორიოგრაფიის უდიდესი წარმომად¬გენელი, პროფესორი ადონცი. 11
უპრიანი იქნება ტაო-კლარჯეთის მოსახლეობის თაობაზე საკითხის განხილვა დავუკავშიროთ აქ გამეფებულ ბაგრა¬ტიონთა, ანუ ბაგრატიდთა დინასტიის საკითხს.

ბაგრატიდებზე ტოკარსკი წერს: „სომხეთში ოდითგან გავ¬ლენით სარგებლობდა ბაგრატიდების (ბაგრატუნების) თავადური გვარი... 755 წელს არაბთა წინააღმდეგ წარუმა-ტებელი აჯანყების შემდეგ... ბაგრატიდები წავიდნენ სომხეთის დასავლეთ რაიონებში, რომლებიც ჭოროხის აუზში არიან განლაგებულნი” (გვ. 135). „შირაკის ბაგრატიდების გაძლიე¬რების თანადროულად (რომლებმაც IX საუკუნის მეორე ნახევარში მეფის გვირგვინი დაიდგეს), ხდება ამ გვარის არტანუჯული შტოს სამფლობელოთა გაფართოება საქართვე-ლოს მხარეს, სადაც მათ სათავე დაუდეს დინასტიას, რომელიც მართავდა ქართულ სამეფოს მისი არსებობის დასასრულამდე (XIX საუკუნის დასაწყისი!)“ (გვ. 135-136).

ბაგრატიდებს სულაც არ სჭირდებოდათ წასვლა „ჭოროხის აუზში განლაგებულ დასავლეთ რაიონებში”, იმიტომ, რომ მათი საკუთარი ფეოდალური ადგილ-მამულები სწორედ აქ იყო.

უდავოა, და ეს სომხური წყაროებითაც დასტურდება, რომ ბაგრატიდები წარმოშობით ძველქართული პროვინციიდან, სპერიდან იყვნენ. ცნობილი სომეხი მწერალი მოვსეს ხორენაცი გადმოგვცემს იმ შეხედულებებს, რომლებიც მისი დროის სომხურ საზოგადოებაში ბატონობდა სომხეთში ბაგრატუნებად წოდებული ბაგრატიდების წარმო-მავლობის თაობაზე. თავისი „სომხეთის ისტორიის” პირველი წიგნის 22-ე თავში ხორენაცი წერს: ... „ზოგიერთი არასანდო კაცი ამბობს – თვითნებურად, ჭეშმარიტების გაუთვალის-წინებლად – თითქოს ბაგრატუნთა გვირგვინოსანი გვარი ჰაიკიდან წარმოიშვა. ამაზე ვიტყვი: არ დაუჯერო ასეთ ბრიყვულ ნათქვამს; ვინაიდან ამ სიტყვებში სიმართლის ნიშან¬წყალიც არ არის. ისინი უაზროდ და უთავბოლოდ ლაყბობენ ჰაიკსა და მისნაირებზე; ოღონდ იცოდე, რომ სახელი სმბატი, რასაც ბაგრატუნები ხშირად არქმევდნენ თავიანთ ვაჟებს, არის საკუთრივ შამბატი მათ პირვანდელ, ესე იგი ებრაულ ენაზე”. ბაგრატიდების გვარის ფუძემდებელზე ხორენაცი იმავე თავში გვამცნობს: „ამბობენ, თითქოს ჰრაჩეაიმ გამოსთხოვა ნაბუქოდონოსორს ერთ-ერთი მთავარი დატყვევებული ებრაელი და მოიყვანა... ისტორი-კოსის თქმით, მისგან წარმოდგება ბაგრატუნების გვარი- და ეს სწორია.12 იმავე ნაშრომის მეორე წიგნის 37-ე და 63-ე თავებიდან ჩანს, რომ ბაგრატიდების საგვარეულო მამული სპერში მდე¬ბარეობდა, ხოლო მათი მთავარი რეზიდენცია – ციხე-სიმაგრე ბაიბერდში, 13 ამჟამად ქალაქი ბაიბურდი, ხოლო რაც შეეხება მოსახლეობასა და მის ენას ბაგრატიდების სამფლობელოებში, ამის შესახებ ხორენაცი კიდევ უფრო საინტერესო ცნობებს გვაწვდის. ხორენაცის კონსტრუქციის თანახმად, სპარსეთის (პართიის) მეფემ არშაკმა სომხეთის მეფედ დანიშნა ვაღარშაკი, რომელმაც „დაამყარა, როგორც შეეძლო, საზოგადოებრივი წესრიგი ჩვენს მიწა-წყალზე, დააწესა სანახარაროები, რომელთა მეთაურად დანიშნა სასარგებლო კაცები ჩვენი წინაპრის, ჰაიკის შთამომავალთაგან და სხვათა (გვართაგან)... უპირველესად იგი ასაჩუქრებს ძლევამოსილ და ბრძენ მოღვაწეს ებრაელთაგან – შამბა ბაგარატს და მის გვარს აძლევს უფლებას არშაკიდებს გვირგვინი დაადგას და მისი სახელის მიხედვით ბაგრატუნად იწოდებოდეს... ეს ბაგარატი... დაინიშნა მეფისნაცვლად და ათი ათასობით მეომრის უფროსად სომხეთის დასავლეთ საზღვ¬რებზე, სადაც უკვე აღარ გაისმის სომხური ენა.14

ბაგრატიონთა წარმომავლობის შესახებ ძირითადად იგივე წარმოდგენა მოიძიება ბიზანტიურ და ძველქართულ წყაროებ¬ში. ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე პორფირო-გენეტი თავის თხზულებაში „ხალხთა შესახებ”, სახელდობრ, 45-ე თავში სათაურით „იბერიელთა შესახებ” (ან, სხვანაირი გამოთქმით: „ივერიელთა”, „ივირიელთა”; ბერძნები, როგორც ცნობილია, ასე უწოდებდნენ ქართველებს), გვიამბობს: „უნდა ვიცოდეთ, რომ ივირიელები, ესე იგი ივერიელები კურა¬პალატისა იმით იწონებენ თავს, რომ ურიას ცოლისგან წარმოდგებიან, რომელზეც უკანონოდ დაქორწინდა წინასწარ¬მეტყველი, მეფე დავითი... ისინი ამბობენ, რომ იერუსალიმიდან იყვნენ დავითი და მისი ძმა სპანდიატი. სპანდიატმა, როგორც ისინი ამბობენ, ღვთისგან მიიღო წყალობა, ამიტომაც ხმლით სხეულის ვერც ერთ ნაწილს ვერ განუგმივდნენ, გარდა გულისა, რომელსაც იფარავდა აღჭურვილობით. ამის გამო ეშინოდათ მისი სპარსელებს. მან დაამარცხა და დაიმორჩილა ისინი და (თავის) ივერიელთა თვისტომნი ძნელად მისადგომ ადგილებში დაასახლა, ახლა რომ უკავიათ; აქედან დაიწყეს მათ ნელ-ნელა გავრცელება და გამრავლება და დიდ ხალხად იქცნენ... მას აქეთ, რაც ისინი იერუსალიმიდან იმ მიწაზე გადასახლდნენ, ამჟამად რომ ბინადრობენ, გავიდა 400 ან 500 წელი ახლანდელ დრომდე, ესე იგი სამყაროს შექმნიდან 6460 წლის მე-10 ინდიქტიონამდე (ესე იგი, ჩვენი წელთაღრიცხვით 952 წელი – ს.ჯ.)“ (ციტ. გამოც. გვ. 162-163).

ტაო-კლარჯეთის მკვიდრი, კონსტანტინე პორფიროგე¬ნეტის თანამედროვე გამოჩენილი ქართველი მწერალი გიორგი მერჩულე „მეფე აშოტ კურაპალატს”, ბაგრატიონთა ტაო-კლარჯეთის ხაზის მამამთავარს, უწოდებს „ხელმწიფეს, წინასწარმეტყველისა და ღვთით მირონცხებულის, დავითის სახელდებულ ძეს”.15

დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებად თვლის ბაგრატიონებს ძველი ქართველი ისტორიკოსი ჯუანშერიც. საგვარეულო მემატიანე სუმბატ ბაგრატიონი კი, რომელმაც თავისი გვარის ისტორიისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნე¬ლოვანი წყარო დაგვიტოვა, დაწვრი¬ლებით ავითარებს იმავე გენეალოგიას XI საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში.

არტანუჯულ, ანუ ტაო-კლარჯეთულ მფლობელ სახლს IX საუკუნის დასაწყისში საძირკველი ჩაუყარა ხსენებულმა აშოტ კურაპალატმა, რომელიც აქ თბილისიდან მოვიდა, სადაც მაღალი თანამდებობა ეჭირა, მაგრამ არაბებს წაეჩხუბა. მისი გამოისობით, ამბობს მერჩულე „დამყარდა ქართველებზე აშოტისა და მისი ვაჟების ბატონობა („მთავრობა”) საუკუნის ბოლომდე”.16
ამ სახლისა და თვით სამთავროს ისტორია, აგრეთვე, კარგად არის ცნობილი ქართული, ბიზანტიური, სომხური და არაბული წყაროების მიხედვით. თბილისიდან გაქცეული აშოტი თავდაპირველად კლარჯეთში მკვიდრდება და თავის რეზიდენციად ძველ ქართულ ქალაქს არტანუჯს ირჩევს, – სადაც მშენებლობას ჯერ კიდევ V საუკუნეში ეწეოდა ცნობილი ქართველი მეფე ვახტანგ გორგასალი. რამდენადაც ეს ტერიტორია მაშინ პოლიტიკურად ბიზანტიის საზღვრებში შედიოდა, აშოტი იმპერატორს თავის სენიორად აცხადებს. აქედანაა – ბიზანტიური სამეფო კარის წოდებები ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა გვარში, მათ რიცხვში უმაღლესიც – „კურაპალატი”; თუმცა თანდათანობით აშოტის შთამომავლები, ფაქტობრივად, თავისუფლდებიან ამ ვასალური დამოკიდებუ¬ლებისაგან და X საუკუნეში სიუზერენული მმართველები ხდებიან, თანაც ადრინდელ ტიტულებს ინარჩუნებენ, პირველ ყოვლისა, კურაპალატის ტიტულს, რომელსაც გვარის უფროსი ატარებდა.

ტაო-კლარჯეთში ადრე ყალიბდება თავისებური საუფ¬ლისწულო წყობილება, რომელიც კიევის რუსეთის წყობილებას გვაგონებს, მაგრამ, ამასთანავე, აქ მრავალრიცხოვან მთავართა იერარქია ერთობ მკაფიოდ არის გამოკვეთილი. მთელი სამეფოს მეთაურის ტიტული გახლავთ ქართველთა კურაპალატი, რაც დადასტურებულია ყველა ზემოდასახელებული წყაროთი. IX საუკუნის ბოლოსათვის აქვე ჩნდება ქართველთა მეფის ტიტული, მომდევნო საუკუნის ბოლოს კი – მეფეთ-მეფისა. ეს პოლიტიკური მდგომარეობა ნათლად აისახა მერჩულის თხზულებაში, რომელიც მოგვითხრობს, რომ „ცხოვრება (გრიგოლ ხანძთელისა) დაწერილია 90 წლის შემდეგ მისი აღსრულებიდან, 6554 წელს სამყაროს დასაწყისიდან (950 წელს ახალი ერით)... ქართველებზე აშოტ კურაპალატის (გარდაიცვალა 954 წელს), ადარნერსეს ძის, ქართველთა მეფის ბატონობისას... ერისთავთ ერისთავის სუმბატის, მეფე ადარნერსეს ძის დღეებში, ადარნერსეს, მაგისტრ ბაგრატის ძის, მაგისტრობისას, როცა ერისთავი იყო სუმბატი, მამფალ დავითის ძე...17

სამთავროს დამაარსებლის აშოტის შთამომავლობა IX საუკუნის მიწურულსა და X საუკუნეში წარმოდგენილია ორი შტოთი: კლარჯეთულის, ანუ არტანუჯულისა, რომელსაც სათავე დაუდო აშოტის უფროსმა ძემ ადარნასემ, და ტაოსი, რომლის წინაპარი გახლავთ აშოტის შუათანა ძე, კურაპალატი ბაგრატ I. მერჩულეს ჩანაწერში მოხსენიებული პირველი სამი მბრძანებელი ტაოს შტოს წარმომადგენელია, ბოლო, სუმბატი, – არტანუჯულისა.

ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებმა ჯერ კიდევ IX საუკუნის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გააფართოვეს თავიანთ სამფლობელოთა საზღვრები, სამეფოს თანდათან შემატეს მიწები მტკვრის ზედა წელის გაყოლებით – კოლა, არტაანი, ჯავახეთი, სამცხე და ჭოროხის გასწვრივაც, სადაც, კერძოდ, ტაოც დაიკავეს, სწორედ ეს მიწები გაიყვეს ერთმანეთში აშოტის შთამომავლებმა.

რამდენადაც ტოკარსკი სპეციალურად არის დაინტე¬რესებული ამ მხარის მდგომა-რეობით სწორედ X საუკუნეში, ჩვენც მივმართოთ მოცემულ პერიოდს. X საუკუნის დასაწყისში ტაო-კლარჯეთის სამეფოს სათავეში უდგას ადარნასე II (888-923), აშოტ I-ის შვილთაშვილი (აშოტ I კურაპალატი – ბაგრატ I კურაპალატი – დავით I კურაპალატი – ადარნასე II კურა¬პალატი).

იმპერატორი კონსტანტინე პორფიროგენეტი ბევრს მოგვითხრობს მასზე თავის თხზულებაში „ხალხთა შესახებ”, უწოდებს რა „ადრანასირს, საქართველოს (ივერიის) კურა¬პალატს” (ასეა სამჯერ), 18 ან ძალიან ხშირად – უბრალოდ კურაპალატს, თან ამ წოდებით აღნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ტაო-კლარჯეთის მპყრობელს ახლო აღმოსავ-ლეთის ყველა სხვა მპყრობელთაგან განსხვავებით.

ადარნასე II-ს ახლოს იცნობდა სომეხი კათალიკოსი და ისტორიკოსი იოანე დრასხანაკერტეცი, რომელიც ერთხანს ადარნასეს კარზე სტუმრობდა, როცა იძულებული შეიქნა სამშობლო დაეტოვებინა არაბთა მორიგი შემოსევის შედეგად. იოანესათვის ადარნასე გახლავთ „ქართველთა დიდი მთავარი” (ადრეულ პერიოდში), ან „ქართველთა დიდი კურაპალატი” (ადარნასე ასე ორჯერ იწოდება იოანეს ტექსტში), ან „ქართული ქვეყნის მეფე”, ან „ქართველი მეფე, (ასეა 14-ჯერ), ან უბრალო კურაპალატი (ორჯერ).19 იოანე მოხაზავს ტაო-კლარჯეთის სამეფოს, საზღვრებსაც ისე, რომ საეჭვოს არაფერს ხდის. ასე მაგალითად, იოანე გვიამბობს, რომ არაბთაგან დევნილი მეფე სუმბატი თავისი დომენიდან, შირაკიდან, გაიქცა მეგობრის ადარნასე კურაპალატის სამფლობელოებში მდებარე ტაიქის გამაგრებულ ადგილებში.20 იოანე სხვა შემთხვევაშიც მიაკუთვნებს ტაოს ადარნასეს სამფლობელოებს.21 დაბოლოს, იგივე ავტორი სომეხი მეფის ტრაგიკულ ბედზე საუბრისას, გვამცნობს, რომ არაბთა მხედართმთავარმა „სდია მეფე სუმბატს, ფეხდაფეხ მიჰყვა, სდია ქართველთა ქვეყნამდე, სანამ სუმბატი არ შეეფარა კლარჯეთის მიუდგომელ ციხესიმაგრეებს.22 მაშასადამე, X საუკუნის ოციანი წლების მოწინავე სომეხთათვის ტაო (სომხურად ტაიქი) და კლარჯეთი უდავოდ ქართული ოლქები იყო.

ასე წერენ ადარნასეს თანამედროვე სომეხი ისტორიკოსები; ჩვენი თანამედროვე ზოგიერთი ისტორიკოსი (ტოკარსკი!) კი წერს: „X საუკუნის დასაწყისში, ქართული ქრონიკების მოწმობით, ქართველმა მეფემ ადარნასემ მეზობელი ტაიქის ეპარქიაში, სოფელ ბანაში (ამჟამად ფენიაკი) ააშენა ტაძარი” (გვ. 98). ადარნასესათვის ტაო „მეზობელი ეპარქია” ყოფილა! რამდენად არის ეს მართალი თუნდაც სუბიექტურად, შეიძლება დავინახოთ იქიდანაც, რომ რამდენიმე ფრაზის ქვემოთ, ტოკარსკი, უცნაური წინდაუხედაობით, წერს: ... „არა შორეულ ვაღარშაპატში, არამედ თავისთან, ტაიქში მიაგნო ადარნასემ იმ ნიმუშს, რომლის გადმოღებაც გადაწყვიტა” (იგულისხმება იშხანი).

იოანე დრასხანაკერტეცმა (სხვათა შორის, ისევე, როგორც იმპერატორმა კონსტანტინემ) კარგად იცის ქართველ ბაგრატიონთა მეორე, პოლიტიკური აზრით, უმცროსი, –არტანუ-ჯული, ანუ კლარჯეთული შტოც, რომლის ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი მის დროს გახლდათ იშხანთა იშხანი („ერისთავთ-ერისთავი”) გურგენი. იოანე მას უწოდებს „ქართველთა დიდ მთავარს”, ანუ უბრალოდ „ქართველთა მთავარს”, ხოლო გურგენის საუფლისწულო სამფლობელოებს მტკვრის ზემო წელის გაყოლებით და სხვა რაიონებშიც, აგრეთვე, „ქართველთა ქვეყანას” აკუთვნებს.

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები