საზოგადოება

ზვიად გამსახურდია დღეს 78 წლის გახდებოდა

31.03.17 17:30


საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დღეს 78 წლის გახდებოდა.

ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს თბილისში დაიბადა.

ზვიად გამსახურდია იყო მეცნიერი – ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973-1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991-1992),
1957 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1962 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით.

წლების მანძილზე, მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს – მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა აშშ-ის კონგრესის მიერ).

დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა 1956 და 1977-1979 წლებში. გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილის სისხლიანი დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი.

1991-1992 წლებში იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი. 1993 წლის ოქტომბრის მიწურულს, პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ, თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში (ამ ფაქტზე 2004 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N-174-ით შექმნილი სახელმწიფო კომისიისა და პროკურატურის მიერ).

გამსახურდიას სიკვდილი საქართველოს მთავრობამ 1994 წლის 5 იანვარს გამოაცხადა. ზვიად გამსახურდიას ნეშტი 24 თებერვალს გროზნოში დაასაფლავეს. 2007 წელს გროზნოში იოპვეს ზვიად გამსახურდიას ნეშტი. 2007 წელს ზვიად გამსახურდიას ნეშტის იდენტურობა დადასტურდა და 28 მარტს ის საქართველოში ჩამოასვენეს.

2007 წლის 1 აპრილს მთაწმინდის პანთეონში გამსახურდიას ნეშტი სხვა გამოჩენილ ქართველთა გვერდით დაასაფლავეს. მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია.

ასევე, 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა.

შეკითხვაზე: “ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე”, საქართველოს მოსახლეობის 98%-მა დადებითად უპასუხა, რის შედეგადაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველ ოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები