პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი ე.წ. მოსმენების კანონზე - ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის არის ტოლობის ნიშანი და ვისაც ეს არ ესმის, საბჭოთა წარსულიდან ვერ გამოფხიზლდა

04.04.17 15:00


ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც ჩვენი ღრმად პატივცემული და უაღრესად განათლებული პოლიტიკოსები გამოდიან და ამბობენ - ერთი მხრივ ადამიანის უფლებები, მეორე მხრივ - სახელმწიფო ინტერესები. საკითხის ასე დაყენება ნიშნავს, რომ შენ ჯერ კიდევ საბჭოთა სისტემით აზროვნებ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის არის ტოლობის ნიშანი და ვისაც ეს არ ესმის, საბჭოთა წარსულიდან ვერ გამოფხიზლდა. ”ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი სისტემა, როდესაც არავის ეგონება, რომ უსმენენ. ეს არის სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტი. ხდება ხოლმე, როდესაც ჩვენი ღრმად პატივცემული და უაღრესად განათლებული პოლიტიკოსები გამოდიან და ამბობენ - ერთი მხრივ დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები, ხოლო მეორე მხრივ - სახელმწიფო ინტერესები. საკითხის ასე დაყენება ნიშნავს, რომ შენ ჯერ კიდევ საბჭოთა სისტემით აზროვნებ.

ადამიანის უფლებები ცალკეა, სახელმწიფო ინტერესები - ცალკე, ასე აზროვნებენ საბჭოთა კავშირში. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში ამ ორ ინტერესს შორის არის ტოლობის ნიშანი. ვისაც ეს არ ესმის, ვერ გამოფხიზლდა საბჭოთა წარსულიდან. კიდევ ერთხელ სახელმწიფოსა და ინდივიდის გაყოფა არის ის, რაშიც ჩვენ ვცხოვრობდით 70 წელიწადი, დაწყებული დერჟინსკის მიერ ორგანიზებული მატროსებით, გაგრძელებული ”ენკავედეთი”, ”ჩეკათი” და ”კაგებეთი”. ეს აღარ არის ის, რაშიც უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ სწორედ იმ ტოლობის ქვეშ. ყურადღებით ვაკვირდები, რა ხდება მოსმენების კანონთან დაკავშირებით. იმ ბრილიანტების ფონზე, როდესაც ლამის ტერიტორისტული აქტის დაგეგმვაში დამდეს ბრალი, იყო რაღაც პოზიტივიც, იყო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის აქტიურობა. ამ აქტიურობის შედეგად გავაგებინებთ სპეცსამსახურების ემოციით ზედმეტად აჟიტირებულ პოლიტიკოსებს, რომ რაც უფრო მეტად ჩავრევთ საზოგადოებას სახელმწიფო დაცვაში, მით უფრო ძლიერი იქნება სპეცსამსახურები”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, პატრულს სპეცსამსახურებისგან განსხვავებთ მაღალი ნდობა აქვს. როგორც მარგველაშვილი აღნიშნავს, ქვეყანა უნდა მივიდეს იქამდე, რომ სპეცსამსახურებს საზოგადოებაში ჰქონდეს მაღალი ნდობა. მან ამ თემაზე საუბრისას სპეცსამსახურების მიერ წარსულში დანერგილი პრაქტიკაც გაიხსენა.

”ამ კანონთან დაკავშირებით ორჯერ გამოვიყენე ვეტო და ვცდილობდი გამეგებინებინა ჩვენი ღვაწლმოსილი პოლიტიკოსებისთვის, რას ნიშნავს ქვეყნის ეფექტური უსაფრთხოება. ეს გულისხმობს პირველ რიგში შემდეგს - როდესაც ხალხი ენდობა სპეცსამსახურებს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რა წარსულიდან მოვდივართ. ჩვენ მოვდივართ იმ წარსულიდან, როდესაც სკოლაში ანეკდოტებს ვერ ვყვებოდით, ჩვენ მოვდივართ იმ წარსულიდან, როდესაც უნივერსიტეტში ეროვნული მოძრაობის დროს აქტიურ სტუდენტებს იტაცებდნენ, ოთახში შეჰყავდათ და კითხავდნენ. ჩვენ მოვდივართ იმ პერიოდიდან, როდესაც ათასობით ადამიანი იყო რეპრესირებული სპეცსამსახურის მიერ. ჩვენ მოვდივართ ”ჩეკას”, ”ენკავედეს” და ”კაგებეს” წარსულიდან და ამ საზოგადოებაში განსაკუთრებული ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ ჩვენი სპეცსამსხურების მიმართ იყოს ნდობა, რადგან ჩემი თაობა და ჩემი მშობლები ამ შიშში იზრდებოდნენ, რომ თუ სპეცსამსახურებმა გაგიგეს, ცუდი დღე ეწევა შენს ოჯახს და შენს ახლობლებს. ეს სისტემა დაინგრა. საბჭოთა კავშირი თავისი უძლიერესი ”კაგებეთი” დაინგრა, რადგან ხალხს ეზიზღებოდა კაგებე. ახლა ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა, სადაც სპეცსამსახურები იქნებიან ყველაზე მეტი ნდობის სტრუქტურები. პატრულს მაღალი რეიტინგი აქვს, რადგან ხალხი ენდობა. ვერ ვიტყვი, რომ სპეცსამსახურების მიმართ არის მაღალი ნდობა, თუმცა აქამდე უნდა მივიდეთ და ეს უნდა გავაკეთოთ პოლიტიკოსებმა და კანონმდებლებმა”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები