პოლიტიკა

ვასილ მაღლაფერიძე - პარლამენტის სხდომები ისევ ისე გადაიცემა, როგორც აქამდე, მაგრამ მასალას ვერავინ გამოიყენებს ჩვენი სამარკო ნიშნის გარეშე

05.04.17 20:15


აქამდე რაც გადაიცემოდა, ისევ გადაიცემა, მაგრამ მასალას ვერავინ გამოიყენებს ჩვენი სამარკო ნიშნის გარეშე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განუცხადა, რითაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ და ეს გადაწყვეტილება უშუალოდ მაღლაფერიძემ მიიღო.

მისივე განცხადებით, მასალა ყველა მედიასაშულებისთვის იქნება უფასო.

„აქამდე არსებობდა პრაქტიკა, როცა „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ გადასცემდა მასალას, იხარჯებოდა ადამიანური, ფინანსური, ტექნიკური რესურსი, მაგრამ სხვა მედიასაშუალებები გამოიყენებდნენ ჩვენი სამარკო ნიშნის გარეშე, როგორც საკუთარ ნაშრომს. ასე აღარ მოხდება.

ყველასთვის იქნება ღია და უფასო, მაგრამ რასაკვირველია, იქნება მითითებული ჩვენი ნიშანი.

ეს ჯდება საერთაშორისო სტანდარტებში. სხვისი ნაშრომის მითვისება და გასაღება საკუთარ ნაშრომად არ არის სწორი. გარდა ამისა, ჯდება ბიზნესისა და კონკურენციის კანონის ფარგლებშიც“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, საკითხით „მანიპულაციას“ ახდენენ სხვადასხვა მედიასაშუალებები, რომლებსაც ლოგოს გარეშე მიჰქონდათ მასალა.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის, ოთარ კახიძის ინფორმაციით, ამიერიდან კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომებიდან მხოლოდ იმ სხდომის „ლაივ-სტრიმი“ მიეწოდება, რომელიც ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მეორე არხის ეთერში გავა. ამის შესახებ განცხადება კახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა და როგორც განმარტა, შესაბამისი გადაწყვეტილება ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურმა დირექტორმა მიიღო.

”როგორც მოგეხსენებათ, ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” ყველა სხვა კერძო ტელევიაზიას სხვადასხვა კომიტეტიდან, სესიიდან, ბიუროს სხდომიდან ერთიან „ლაივ-სტრიმს“ გადასცემს.

ეს არის ე.წ. შავი „ლაივ-სტრიმი“, რომლის შესაძლებლობაც ტელევიზიების საერთო რესურსებით შეიქმნა. შემდგომ თავად ტელევიზია ირჩევს, რომელი კომიტეტის სხდომა აიღოს.

შეიძლება ერთსა და იმავე დროს მიმდინარეობდეს ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომები, ამ შემთხვევაში ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” „ლაივ-სტრიმს“ ყველა ტელევიზიას გადასცემდა და თავად ტელევიზია ირჩევდა, რა გაეშუქებინა.

”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მეორე არხის ეთერში რაც გავა, კერძო ტელევიზიები მხოლოდ იმით იხელმძღვანელებენ. ჟურნალისტები სერიოზულად შეშფოთებული არიან. ეს იქნება პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და გაშუქების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი - ტელევიზიებმა გააშუქონ ის, რასაც თავად ჩათვლიან საჭიროდ და არა ის, რასაც საჭიროდ ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” ჩათვლის. ისეთაც არის კითხვის ნიშნები, თუ რატომ ხდება GDS-ის გუნდის ”საზოგადოებრივ მაუწყებელზე” გადასვლა, საუბარია გადაცემების დახურვაზე. ჩვენ პარლამენტის წევრებმა არ უნდა დავუშვათ უკან გადავდგათ ნაბიჯი”, - განაცხადა ოთარ კახიძემ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები