მსოფლიო

ევროპარლამენტმა უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დაამტკიცა

06.04.17 20:00


ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე უკრაინის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი დაამტკიცა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ხმის მიცემის პროცესს ევროკომისიის ვიდეოსამსახური გადასცემდა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 521-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 75, ხოლო 36-მა თავი შეიკავა.

ევროპარლამენტის სპეციალური მომხსენებლის მარია გაბრიელის თქმით, უკრაინამ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შეასრულა და „მოლოდინსაც გადააჭარბა“.

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხების ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა მარტის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ძალაში ამ წლის ზაფხულის ბოლომდე შევა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი შესაბამის პროცედურებს დაასრულებენ.

გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად ის ჯერ ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცონ, შემდეგ კი ევროპარლამენტის თავმჯდომარემ და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის (მალტის) წარმომადგენელმა უნდა მოაწერონ ხელი. ამის შემდეგ დოკუმენტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და 20 დღის შემდეგ შევა ძალაში.

უვიზო რეჟიმი მოიაზრებს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ქვეყნებში, რომელიც ევროკავშირის 22 წევრ, ოთხ არაწევრ (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია) და ასევე ოთხ კანდიდატ ქვეყანას (ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია) მოიცავს.

უკრაინის მოქალაქეებს უფლება ექნებათ შენგენის ზონის ქვეყნებში ნახევარი წლის განმავლობაში დაჰყონ არაუმეტეს 90 დღისა როგორც უწყვეტად, ისე გადანაწილებით. უვიზო რეჟიმი არ იძლევა ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობის უფლებას. მოკლევადიანი ვიზიტის მიზეზი შესაძლოა იყოს ტურიზმი, ბიზნესი, კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობა, ახლობლებისა და ნათესავების მონახულება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები