საზოგადოება

133 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთიდან დაბრუნდა

30.04.16 14:35


ქართველი სამშვიდობოების კიდევ ერთი ნაკადი სამშობლოში დაბრუნდა . II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის 133 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში 7 თვის განმავლობაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში წარმატებით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. დღეს ისინი უკვე ოჯახებს დაუბრუნდნენ.

სამხედროებს აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და II ქვეითი ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე დახვდნენ.
„დღეს, 22-ე ბატალიონის 133 მეომარი მშვიდობიანად დაბრუნდა ავღანეთიდან. ვულოცავ მათ და მათ ოჯახებს. ასევე ვულოცავ მთელს თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცების მშვიდობიანად დაბრუნებას და მისიის წარმატებით შესრულებას,“ – განაცხადა დავით ებრალიძემ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედროებმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ფარვანის პროვინციაში შეასრულეს. ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. რამდენიმე კვირაში 22-ე ბატალიონის სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან.

წყარო : Kvira /www.kvira.ge/

წაკითხულია : 37


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები