პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველს შეხვდა

26.04.17 14:40


გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქრისტოფერ ჰოისგენთან შეხვედრა გაიმართა.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, კანცლერის მრჩეველთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო – გერმანიას შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც წარმატებით ვლინდება როგორც პოლიტიკურ, ასევე, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაუსვა ბერლინის მხარდაჭერის გადამწყვეტ როლს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებაში.

„თავის მხრივ, გერმანულმა მხარემ აღნიშნა საქართველოს მიერ გაწეული შთამბეჭდავი პროგრესი და საქართველოს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, რაც მას ევროპული ოჯახის ღირსეულ წევრად აქცევს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიმოიხილა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები. გერმანულმა მხარემ საქართველოს აღუთქვა მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარდაჭერის პროცესში და დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ვითარების დეესკალაციის და ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესისადმი. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განსაკუთრებული შეფასება მისცეს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელს და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მნიშვნელობას ორი ქვეყნის, როგორც პოლიტიკური, ასევე, ხალხთაშორისი და კულტურული დაახლოების მხრივ“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები