პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე – ჩვენი სურვილია, საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობამ შეიძინოს ღრმა პარტნიორული ხასიათი

27.04.17 16:00


ბერლინში, საქართველო-გერმანიის წლის საზეიმო გახსნის ცერემონიამდე, ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მიხეილ ჯანელიძემ და ზიგმარ გაბრიელმა განცხადებები გააკეთეს.

როგორც “კვირას” საქართველოს საგარეო უწყებიდან აცნობეს, მინისტრები მიესალმნენ ქართულ-გერმანული ურთიერთობის 200 წლიან ისტორიას და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის საიუბილეო თარიღებს და აღნიშნეს, რომ ამ ხნის განმალობაში გერმანია, როგორც ევროპის ლიდერი სახელმწიფო საქართველოს მეგობარ და ახლო პარტნიორად იქცა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, გერმანიაში მისი ვიზიტი ემსახურება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

„გერმანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს, როგორც ინსტიტუციურ, ასევე ეკონომიკურ ტრანსფორმაციაში და გერმანია წლების განმალობაში გამოყოფილი ტექნიკური და ფინანსური დახმარებით ნომერ მეორე დონორი სახელმწიფოა საქართველოსთვის. დღეს როგორც არასდროს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობები არსებობს დ ჩვენ ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“- განაცხადა მინისტრმა.

მან გასაკუთრებით გამოყო გერმანიის გადამწყვეტი პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობა, როგორც ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველო-გერმანიის თანამშრომლობას ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით, ამ მხრივ განსაკუთრებულად გამოყო გერმანიის საქმიანი წრეების დაინტერესება საქართველოთი, სადაც დღეს უკვე 380-მდე გერმანული კომპანია საქმიანობს.

ჯანელიძის განცხადებით, საქართველო, როგორც რეფორმატორი ქვეყანა გერმანელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი მოდელია და დღეს გერმანია ევროკავშირის სივრცეში საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ხაზი გაუსვა წარმატებულ თანამშრომლობას განათლების, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სფეროში.

განსაკუთრებით გამოყო გერმანიის მხრიდან ქართველი სტუდენტებისათვის სტიპენდიების გამოყოფა, რომელმაც მასშტაბურ ციფრებს მიაღწია და რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ ქართველი ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებას, არამედ ემსახურება ქვეყნებს შორის ხალხთაშორისი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.

მიხეილ ჯანელიძე და ზიგმარ გაბრიელი მიესალმნენ საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში და აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და გააფართოებს ორმხრივი ურთიერთობების მასშტაბებს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები