პოლიტიკა

ზიგმარ გაბრიელი - თუ გსურთ გაიგოთ, რომ ევროპა უნიკალური პროექტია, რომელიც ადამიანებს ოპტიმიზმით აღავსებს, ქართველებს უნდა გაესაუბროთ

28.04.17 19:20


„ევროპის მიმართ შიგნით არსებული სკეპტიციზმისგან განსხვავებული აზრის მოსმენა თუ გსურთ, თუ გსურთ გაიგოთ, რომ ევროპა უნიკალური პროექტია, რომელიც ადამიანებს ოპტიმიზმით აღავსებს, ქართველებს უნდა გაესაუბროთ“, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზიგმარ გაბრიელმა საქართველო-გერმანიის წლის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარემო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ზიგმარ გაბრიელი ეთანხმება ქართველი კოლეგების შეფასებას ევროპის უნიკალურობის თაობაზე და იმის შესახებ, რომ მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი პროექტი, არც ერთი რეგიონი, სადაც ადამიანებს ასეთ მშვიდობიან, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში შეუძლიათ ცხოვრება.

„საქართველოს ხედვას ევროკავშირთან მიმართებაში გაბრიელმა განსაკუთრებული უწოდა და აღნიშნა, რომ სულ რაღაც 60-იოდე წლის წინ ევროპული წარსული, ომებისა და ერთმანეთთან დაპირისპირებისგან შედგებოდა და მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელების აზრით, ეს დრო წარსულს ჩაბარდა. მშვიდობა თავისთავად არ მოდის და მისთვის მუდმივად ბრძოლაა საჭირო, რაც საქართველოს კარგად მოეხსენება“, - აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, ზიგმარ გაბრიელმა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატა საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, ქართველი სტუმრების მიღებით და ხაზი გაუსვა ამ ღონისძიების დევიზის - „მომავლის მემკვიდრეობა“, განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მისი აზრით, ეს სიტყვები გულისხმობს იმას, რომ ორი ქვეყანა წინაპრების მიერ შექმნილი და შთამომავლობისთვის გადმოცემული ძვირფასი განძის მფლობელია, რომელსაც გაფრთხილება და სათანადო მოპყრობა სჭირდება, რათა ორივე ქვეყანამ მიიღოს სარგებელი. „მომავლის მემკვიდრეობა - სიტყვების ეს თამაში და ის ფაქტი, რომ ეს ერთი წელი, 12 თვე გრძელდება გვიდასტურებს იმას, რომ დრო პირობითი ცნებაა“, - აღნიშნა გაბრიელმა.

სამინისტროს განცხადებით, ზიგმარ გაბრიელმა საქართველოს ევროკავშირთან და ზოგადად ევროპასთან დაახლოებაზე ისაუბრა და ამ კუთხით ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში მოგზაურობისთვის სავიზო მოთხოვნების გაუქმების მნიშვნელობას. მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპა პოლიტიკური ცნებაა, მეტად ფასეულობებზე დაფუძნებული, ვიდრე გეოგრაფიულ მდებარეობაზე და განმარტა, რომ ევროპა გულისხმობს ადამიანების უნივერსალურ უფლებას თავისუფლებასა და დემოკრატიაზე და რომ დასავლეთი არის იქ, სადაც ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილება გადანაწილებულია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა დაცულია და წარმომადგენლობითი დემოკრატია სუფევს.

„სავარაუდოდ ისე, როგორც არც ერთი სხვა სახელმწიფო ევროპის სამეზობლოში, საქართველო მიუყვება სწორედ ამ ნორმატიულ გზას დასავლეთისკენ, არამხოლოდ როგორც ტექნოკრატიული მთავრობის პროექტი, არამედ მას გააჩნია საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტი უწყვეტი მხარდაჭერა, და ყოველივე ეს, მიუხედავად იმისა, რომ გზა ნამდვილად არც მოკლეა და არც მარტივი. ეს არის სწორედ შთამბეჭდავი და გერმანია მხარს უჭერს ამ ტრანსფორმაციის კურსს უკვე ორი ათწლეულია და ასე გააგრძელებს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა გერმანიის სურვილი, განაგრძოს საქართველოს შთამბეჭდავი რეფორმების პროცესის მხარდაჭერა საზოგადებაში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში და აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდი უწოდა და დასძინა, რომ ამ ფუნქციასთან ერთად, საქართველოს მომავალი პოლიტიკურად დასავლეთის წევრობაშია.

„საქართველო არამარტო სწრაფი ნაბიჯებით მიდის დასავლეთისკენ, არამედ ამავდროულად წარმატებით აღმოაჩინა თავისი აზიური მხარეც - შავ და კასპიის ზღვებს შორის ხიდის ფუნქცია პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ენერგო პოლიტიკის მიმართულებით. ეს სწორედ მოწმობს იმას, რომ დასავლეთის იდეა არ არის გეოგრაფიული ცნება, არამედ - პოლიტიკური“, - განაცხადა ზიგმარ გაბრიელმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ზიგმარ გაბრიელმა ასევე ისაუბრა გერმანიის დიდ სურვილსა და პოლიტიკურ ინტერესზე, რომ შავი ზღვის რეგიონი და კავკასია კვლავ მშვიდობიანი თანაცხოვრების, სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების ადგილს წარმოადგენდეს და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოს ამაში დიდი წვლილი შეაქვს.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები