პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი - სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია შინაარსით ზუსტად იგივე პოლიტიკური გზა, რაც მიხეილ სააკაშვილმა

29.04.17 18:05


სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია შინაარსით ზუსტად იგივე პოლიტიკური გზა, რაც მიხეილ სააკაშვილმა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ირგვლივ პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის მიმდინარე დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, მიმდინარე პროცესი არის დესტრუქციული პოლიტიკური ველის კლასიკური მაგალითი, რომლითაც კონსტიტუცია კი არ მყარდება, პირიქით - სუსტდება.

„მე ძალიან მაღელვებს ის, რომ, დიახ, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია შინაარსით ზუსტად იგივე პოლიტიკური გზა, რაც მიხეილ სააკაშვილმა, უბრალოდ იმან უფრო მალე გააკეთა - ერთ-ორ თქვეში მიუჩინა ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი და ერთპარტიული მმართველობისკენ წავიდა. „ქართულ ოცნებას“, როგორც ჩანს, კოალიცია სწორედ ამაში უშლიდა ხელს, მაგრამ ახლა სწორედ აქეთკენ მიდის საქმე. ამიტომ არის საკონსტიტუციო უმრავლესობა სახიფათო ამბავი, ამიტომ არის ხელისუფლება დანაწილებული. არ შეიძლება ყველა ფუნქციამ თავი მოიყაროს ერთ ადამიანში და ერთ გუნდში. როგორც კი ეს ასე ხდება, იკარგება განსჯის, კრიტიკის და გვერდიდან შეხედვის უნარი. ამიტომ არის მოგონილი მრავალპარტიულობაც. საარჩევნო სისტემას ისეთს გავაკეთებთ, დაკარგულ მანდატებს მმართველი პარტია წაიღებს და ასე შემდეგ - ყველა ნაბიჯი აქეთკენ იდგმება, ასეთი მიდგომა არის დამღუპველი. ეს იწვევს იმ პრობლემებს, რაც არაერთხელ იყო ამ ქვეყანაში, მაგრამ საკმარისია ამ თემაზე ვინმემ ხმა ამოიღოს, რომ იწყება: თქვენ გინდათ ქვეყნის არასტაბილურობაო. ერთპარტიულობა, თუნდაც ყველაზე კეთილშობილური მიზნით, არის ყველაზე დიდი არასტაბილურობა, იმიტომ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ასეთი ხელისუფლება ძირს ვარდება ხოლმე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები