პოლიტიკა

ალექსანდრე ჯეჯელავა - საკონსტიტუციო პროცესში ზოგიერთი ოპოზიციური პარტია და მესამე სექტორის წარმომადგენელი თავისი ვიწრო ინტერესებით ხელმძღვანელობს

04.05.17 17:45


საკონსტიტუციო პროცესში ზოგიერთი ოპოზიციური პარტია და მესამე სექტორის წარმომადგენელი თავისი ვიწრო ინტერესებით ხელმძღვანელობს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ნებისმიერი შენიშვნა, რომელიც მოტივირებული იქნება ქვეყნის და არა ვიწროპარტიული და პოლიტიკური ინტერესებით, რა თქმა უნდა, მისაღები და საინტერესოა.

„სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ საკონსტიტუციო პროცესში ზოგიერთი ოპოზიციური პარტია და მესამე სექტორის წარმომადგენელი თავისი ვიწრო ინტერესებით ხელმძღვანელობს და ამ შემთხვევაში სამწუხაროა, როდესაც ადამიანები ქვეყნის ინტერესზე უფრო წინ თავის პოლიტიკურ ინტერესს აყენებენ. ვფიქრობ, რომ ყველა კონსტრუქციული შენიშვნა იქნება მისაღები და განსახილველი“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მისთვის ძალიან საინტერესოა არჩევის რომელი მოდელის შემთხვევაში ხედავს ახლანდელი პრეზიდენტი თავის თავს წარმატებულად - ანუ საჯარო არჩევის თუ საპარლამენტო არჩევის.

„რაც შეეხება გრძელვადიან განვითარებას პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ჩვენ თუ გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკაზე, თამამი ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, საყოველთაო-სახალხო განხილვამ შეიძლება დაგვანახოს ხალხის მოსაზრება.

„მოგეხსენებათ, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, არა მარტო საკონსტიტუციო, არამედ საკანონმდებლო მასშტაბისაც, გულისხმობს სახალხო განხილვებს. ეს არის ჩვენი ღია მმართველობის პრინციპის თანამდევი და განუყრელი ნაწილი. მთავარი, რაც ჩვენ უნდა დავინახოთ, არის ის, ხალხი რას ფიქრობს ამ საკითხზე. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, მესამე სექტორიც და პოლიტიკური პარტიებიც როდესაც შენიშვნებს და მოსაზრებებს გამოთქვამენ, ხელმძღვანელობენ არა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებით, არამედ თავისი ვიწროპარტიული ინტერესებით“, - განაცხადა ჯეჯელავამ და დასძინა, რომ მესამე სექტორში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება პირადი პოლიტიკური გეგმები ჰქონდეთ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები