პოლიტიკა

გაერომ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

08.06.16 14:00


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 70-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან/საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/"სამხრეთ ოსეთი", საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ,“ რითიც კვლავ დაადასტურა დევნილთა ფუნდამენტური უფლებები, უპირველესად საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება. ამის შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, შარშანდელთან შედარებით გაზრდილია მომხრეთა რაოდენობა, კერძოდ, როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, რეზოლუციას მხარი დაუჭირა 76 ქვეყანამ, 15 იყო წინააღმდეგი, ხოლო თავი შეიკავა 64-მა.

„პოზიტიური დინამიკა გვაქვს მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდაში და მოწინააღმდეგეთა რაოდენობის კლებაში. წელს პირველად 2008 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ეს რეზოლუცია გაგვაქვს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, მომხრეთა რაოდენობამ გადააჭარბა თავშეკავებული ქვეყნების რაოდენობას, რაც მნიშვნელოვანია. მომხრეთა რაოდენობამ წელს შეადგინა 76, შარშან იყო 75, მათ წინააღმდეგ წავიდა 15, შარშან 16, ხოლო თავი შეიკავა 64-მა ქვეყანამ. შარშან კი თავი 78 ქვეყანამ შეიკავა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ ინიცირებული აღნიშნული რეზოლუცია მისი მიზნებიდან გამომდინარე წმინდა ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება. „ის გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, განამტკიცებს დევნილთა უფლებას, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია აღნიშნავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მისივე თქმმით, აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას. „ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან მოუწოდებს გაეროს გენერალურ მდივანს ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც შეუძლებელს ხდის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.

მნიშვნელოვანია ასევე ხაზი გაესვას, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში და იპყრობს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებების შესახებ და ამით თითოეულ დევნილს კიდევ ერთხელ თანაგრძნობა გამოუცხადა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები