საზოგადოება

თბილისის წიგნის ფესტივალი ნორვეგიის ცნობილ მწერლებს უმასპინძლებს

15.05.17 20:10


თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი ცნობილ ნორვეგიელ მწერლებს — როსკვა კორიცინსკის, სიგბიორნ მოსტუეს, სიმენ ეკერნის და ნილს ჰენრიკ სმითს უმასპინძლებს.

წიგნის ფესტივალი, რომელიც საქართველოს დედაქალაქში მეცხრამეტედ ტარდება, „ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში გაიმართება. ფესტივალის მონაწილეები იქნებიან ქართული გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები, უნივერსიტეტები, საელჩოები, საერთაშორისო, საზოგადოებრივი და სხვა ორგანიზაციები.

ფესტივალი თავის სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს, რომელიც მოიცავს ლიტერატურულ ღონისძიებებს, ახალი გამოცემების პრეზენტაციებს, ავტორებთან შეხვედრებს, დისკუსიებს, წიგნის საჯარო წაკითხვა, სემინარები და სხვა. ღონისძიების დეტალური პროგრამა მოგვიანებით გამოქვეყნდება, დასწრება — თავისუფალია. ლიტერატურის ნორჩ მოყვარულთათვის ფესტივალზე ტრადიციულად მოეწყობა სპეციალური საბავშვო კუთხე, სადაც სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები ჩატარდება. ნორვეგია ფესტივალზე ფოკუს-ქვეყანა გახდება, ხოლო ნორვეგიულ მწერლებთან შეხვედრას ყველა მსურველი შეძლებს. სიმენ ეკერნი — ჟურნალისტი და სამეცნიერო ლიტერატურის ავტორი, ბევრს წერს იტალიაზე, იტალიურ პოლიტიკასა და საზოგადოებაზე. სიგბიორნ მოსტუეს ბიბლიოგრაფია 15 წიგნს ითვლის, რომელთა უმეტესობა ბავშვებს ეძღვნება.

როსკვა კორიცინსკის დებიუტი ლიტერატურაში 2013 წელს მოხდა, როდესაც გამოიცა ავტორის მოთხრობათა კრებული „სადღაც აქ", რომელმაც მწერალს სამშობლოში უამრავი ჯილდო მოუტანა. 2015 წელს გამოიცა მისი სადებიუტო რომანი „ცეცხლი და წყვდიადი". კორიცინსკის ანთროპოლოგიის დარგში ბაკალავრის ხარისხი აქვს მოპოვებული.

ნილს ჰენრიკის ლიტერატურული დებიუტი 2007 წელს შედგა, როდესაც მან გამოსცა რომანი „მანჰეტენის ჰორიზონტი", რომელსაც ნორვეგიელი პოეტისა და ნოველისტის ტარჯეი ვესასის სახელობის პრემია მიენიჭა. სწავლობდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურას, დაკავებულია ფეხბურთის სიახლეების მიმოხილვებით. თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ 1997 წლიდან ტარდება. წელს ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და თბილისის მერია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები