საზოგადოება

„ვანომ მითხრა, მის შვილს ბაღში ეუბნებოდნენ, რომ ის და მისი მეუღლე გირგვლიანის მკვლელები იყვნენ“

15.05.17 21:00


სანდრო გირგვლიანის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იკითხება.
ოქრუაშვილი ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით აძლევს ჩვენებას.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი საქმის კურსში იყო, თუმცა არ სურდა თანაგუნდელების დასჯა.

ირაკლი ოქრუაშვილმა მასსა და ვანო მერაბიშვილს შორის გამართული საუბარიც გაიხსენა.

„მიხეილ სააკაშვილმა ზუსტად იცოდა საქმის დეტალები, მაგრამ არ სურდა თანაგუნდელების დასჯა, მათ შორის დათა ახალაიასი. ვანო მერაბიშვილის პარლამენტში გამოსვლამდე, სანამ საზოგადოებას ფარსის მატარებელ ვერსიას შესთავაზებდნენ, მე მას ვესაუბრე. ემოციური საუბარი იყო. როგორც ვანომ მითხრა, მის შვილს ბაღში ეუბნებოდნენ, რომ ის და მისი მეუღლე გირგვლიანის მკვლელები იყვნენ. ვანო წუხდა შვილის ემოციის გამო და რამდენჯერმე ცრემლიც წამოუვიდა. არაერთხელ განვიხილე მიშა სააკაშვილთან ეს საკითხი. თავიდან სააკაშვილი ნეიტრალურ პოზიციას იჭერდა, მაგრამ შემდეგ, ხაზი გაუსვა, რომ ამ ადამიანების დასჯა ქვეყნის და გუნდის ჩამოშლას გამოიწვევდა”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის თემას ბადრი პატარკაციშვილის მიერ აგორებულ კამპანიად ასაღებდა.

“როდესაც ერთ-ერთი შეხვედრიდან მიშას კაბინეტიდან გამოვდიოდი, მისაღებში დამხვდნენ ახალაია და სანოძე. მივხვდი, რომ საქმე ეხებოდა გირგვლიანის თემას, უკან შევბრუნდი და ვითხოვე, რომ დავსწრებოდი ამ შეხვედრას, რამაც მიშა გააღიზიანა და კაბინეტის დატოვება მომთხოვა. გამოსვლის შემდეგ მიშას კაბინეტიდან ხმაური შემომესმა”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, გირგვლიანის საქმეზე დაკავებულებისთვის ციხეში სრული კომფორტის შექმნის და მათი გათავისუფლების პირობა თავად მიხეილ დააკაშვილმა დადო.

როგორც ოქრუაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ბოლო შეხვედრა არჩევნების წინა პერიოდში ერთ-ერთ რესტორანში შედგა, სადაც შეკრებილები იყვნენ მერაბიშვილი, ბოკერია, ლომაია და სხვები.

“ამის პირობა გასცა თავად მიხეილ სააკაშვილმა და ციხეში მათ უნდა შექმნოდათ სრული კომფორტი და მალევე უნდა გათავისუფლებულიყვნენ. ამ თემაზე ბოლო შეხვედრა არჩევნების წინა პერიოდში ერთ-ერთ რესტორანში შედგა, სადაც შეკრებილები იყვნენ მერაბიშვილი, ბოკერია, ლომაია და სხვები. მათ ჰქონდათ პრეტენზიები ჩემ მიმართ, რატომ ვეხმარებოდი გირგვლიანის დედას და რატომ ვიყავი ასეთ პოზიციაზე. ერთ-ერთი აქციის დროს შევჩერდი რუსთაველზე გირგვლიანის დედას გავესაუბრე და მათი პრეტენზია სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდა. მივხვდი, რომ საუბარს აზრი არ ჰქონდა და იმასაც მივხვდი, რომ დამნაშავეები მერაბიშვილის ცოლი და ახალაია არ დაისჯებოდნენ”, – აღნიშნა ოქრუაშვილმა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები