საზოგადოება

შსს-ს 325 „კანონიერი ქურდი" ჰყავს აღრიცხული

16.05.17 18:40


საქართველოს შსს-ს მიერ ქართული წარმომავლობის 325 „კანონიერი ქურდია" რეგისტრირებული, რომელთაგან უმრავლესობა პოსტსაბჭოთა სივრცეში და ევროკავშირის ქვეყნებში იმყოფებიან, განაცხადა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა.

ხუციშვილმა საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებს წარუდგინა შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ", რომელიც აპრილში გაფორმდა. კომიტეტებმა მოიწონეს შეთანხმება და ახლა დოკუმენტის რატიფიცირება პლენარულ სხდომაზე უნდა მოხდეს.

მინისტრის მოადგილე დარწმუნებულია, რომ დოკუმენტი ქართველ პოლიციელებს ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავებაში დაეხმარება.

ჩვენ გავაფორმეთ ყველაზე მაღალი დონის შეთანხმება, როგორიც შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში არ შედის… ეს მიუთითებს, რომ ჩვენ საკმაოდ მაღალი სტანდარტები გვაქვს, რადგან ამ ტიპის შეთანხმებები ევროპასთან გაფორმებული აქვს ამერიკას, ნორვეგიას, შვეიცარიას, ანუ მათ ვისაც მაღალი პოლიციური სტანდარტები აქვთ, აღნიშნა ხუციშვილმა.

დოკუმენტი საქართველოს შსს-ს საშუალებას აძლევს, ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის ქვეყნებთან გაცვალოს დანაშაულებთან და პერსონალურ მონაცემებთან ინფორმაციები.

ორგანიზებულ დანაშაულთან და, კერძოდ, „კანონიერ ქურდებთან" ბრძოლა ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გახდა.

2005 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა მუხლი "ქურდული სამყაროს წევრობა, "კანონიერი ქურდი". მაშინ ქურდული სამყაროს წევრობა სამიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით (ჯარიმით ან უჯარიმოდ) ისჯებოდა, ხოლო „კანონიერ ქურდებს" პატიმრობა ხუთიდან ათ წლამდე ემუქრებოდათ (ჯარიმით ან უჯარიმოდ). შემდეგ სასჯელი გაამკაცრეს — ამჟამად ქურდული სამყაროს წევრობა ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით (ჯარიმით ან უჯარიმოდ) ისჯება, ხოლო „კანონიერ ქურდებს" პატიმრობა შვიდიდან ათ წლამდე ემუქრებათ (ჯარიმით ან უჯარიმოდ).



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები