პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო აღიარებს გარემოს დაცვას, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელ ნაწილს

08.06.16 15:10


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "გარემო ევროპისთვის" მინისტერიალი გახსნა. სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერმა გარემოსდაცვითი საკითხების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაზე ისაუბრა.

”საქართველო აღიარებს გარემოს დაცვას, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელ ნაწილს; სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე განცხადებით, ეკოლოგიური საკითხები არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ქვეყნით, ამიტომ საჭიროა, მჭიდრო თანამშრომლობა ქვეყნებს შორის. მისივე თქმით, "დღეს უკვე მწვანე ეკონომიკა განიხილება როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მისაღწევად".

პრემიერ მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზეც.

"UNECE-ის პროცესი - „გარემო ევროპისთვის” და მინისტრთა კონფერენციები ხელს უწყობს თანამშრომლობას რეგიონის წევრ ქვეყნებს შორის და უზრუნველყოფს უნიკალურ საერთაშორისო პლატფორმას ყველა ქვეყნისათვის, რომ გამოავლინონ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხები, განსაზღვრონ პრიორიტეტული მიმართულებები და დასახონ კონკრეტული სამოქმედო გეგმა საკუთარ ქვეყნებსა და მთელ პანევროპულ რეგიონში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ეკოლოგიური გამოწვევები არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ქვეყნით, ის ეხება მთელ რეგიონს და ზოგჯერ მის ფარგლებსაც სცდება. ამიტომაც საჭირო და აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნებს შორის, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიოთ მიზნებისა და ამოცანების თანხვედრას, როგორც ეროვნულ, ისე რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე. დღეს უკვე მწვანე ეკონომიკა განიხილება როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მისაღწევად. ეს მიმართულება ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, ახალი და მწვანე სამუშაო ადგილების შექმნას და უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას.

საქართველოს მთავრობა აცნობიერებს ქვეყნის განვითარების პროცესში მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობას და ძალიან აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით - შესაბამის გარემოს უქმნის მწვანე ბიზნესს; ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოების მწვანე აქტივობებს, განახლებადი ენერგიის ზრდას, მხარს უჭერს მწვანე ტრანსპორტსა და მწვანე შენობებს და ზრუნავს ეკოტურიზმის განვითარებაზე. საქართველო, როგორც მთიანი ქვეყანა, მდიდარია წყლის რესურსებით და ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი ძირითადად მოიხმარს ჰიდრორესურსებს. ამასთან ერთად, საქართველოს აქვს პოტენციალი გამოიყენოს სუფთა ენერგიის სხვა წყაროებიც, მათ შორის მზის, ბიოთერმული, ბიომასის ენერგეტიკული რესურსები, რითაც უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველო ასევე მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს გლობალური მიზნის განხორციელებაში - სათბურის გაზების გამოყოფისა და ჰაერის დაბინძურების შემცირებაში.

”მინდა გითხრათ, რომ საქართველოს 9 ქალაქმა უკვე მოამზადა მდგრადი ენერგეტიკული სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია CO2-ის ემისიის შემცირება იმისათვის, რომ 2020 წლისთვის გვქონდეს სუფთა და ჯანსაღი გარემო. აგრეთვე უაღრესად მნიშვნელოვანია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხი, რადგან ჯანსაღი გარემო ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა ადამიანისათვის და მისი კეთილდღეობისთვის. არასათანადო გარემო პირობები, მათ შორის დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი, უარყოფითად მოქმედებს გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამიტომაც ქვეყანაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისათვის მიმდინარეობს სათანადო პოლიტიკის შემუშავება და ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა.

შემუშავებულია ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, რის შედეგადაც 2017 წელს ბენზინის ხარისხისთვის დადგენილი ნორმები ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი იქნება; ხორციელდება ჰაერის ხარისხის შეფასების მოდელირების სრულიად ახალი სისტემა, რომელიც დაინერგება ქვეყნის დედაქალაქში - თბილისში; ეტაპობრივად ხდება მონიტორინგის ქსელის გაფართოება, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ადგილებში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებას მდგრადი განვითარებისათვის. საჭიროა ხელი შეეწყოს მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ცოდნის შეძენას და ისეთი ქცევის წესების დანერგვას, რომელიც თავსებადი იქნება გარემოს დაცვასთან. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უფლება - იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში, გავაძლიეროთ შესაბამისი ინსტიტუტები, დავხვეწოთ კანონმდებლობა და შევქმნათ მექანიზმები იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ საზოგადოებას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და სათანადო განათლების მიღებაში. სწორედ ამიტომ, საქართველომ დაიწყო გარემოსდაცვითი განათლების ეროვნული სტრატეგიის განახლების პროცესი, ხოლო შემუშავების პროცესშია ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განათლება მდგრადი განვითარებისთვის. საქართველო აღიარებს გარემოს დაცვას, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელ ნაწილს. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობამ უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა. სწორი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით აღებული ვალდებულებები აისახა ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტებში, როგორიცაა: საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - „საქართველო 2020”, 2015-2017 წლების რეგიონალური განვითარების პროგრამა და სამოქმედო გეგმა, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია საქართველოში 2015-2020 წლებისთვის. იმისათვის, რომ ეროვნულ დონეზე მივაღწიოთ დასახულ ამოცანებს, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა. ამიტომაც საქართველო აქტიურად არის ჩართული გლობალურ გარემოსდაცვით პროცესებში. 2014 წელს ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჩვენი ქვეყანა გადავიდა ევროკავშირთან ინტეგრაციისა და ჰარმონიზაციის სრულიად ახალ ფაზაზე. ასოცირების ხელშეკრულება ფარავს თითქმის ყველა გარემოსდაცვით მიმართულებას. გარდა ამისა, გვთავაზობს გზებს არსებული გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ნორმების ეტაპობრივი მოდერნიზებისა და განახლებისათვის, რაც იქნება ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციების შესაბამისი. ბატონებო, საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიმართ, რომელიც მხარს გვიჭერს რეგიონის ქვეყნებს, გამოვიყენოთ შესაძლებლობები, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და გავაერთიანოთ ძალები, რათა ჩვენი ქვეყნები და რეგიონი გავხადოთ უკეთესი ადგილი საცხოვრებლად. დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილებები, რომლებსაც ბათუმის მინისტერიალი მიიღებს, მწვანე ეკონომიკის განვითარებასა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო დაგვაახლოებს ,,უფრო სუფთა, უფრო მწვანე, უფრო გონივრულ” სამყაროსთან და სასარგებლო იქნება ჩვენი მომავალი თაობებისა და ჩვენი კეთილდღეობისთვის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მინისტერიალს 56 ქვეყნოს 600-მდე დელეგატი ესწრება.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები