საზოგადოება

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა იწყება

17.05.17 18:55


ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა იწყება. პირველი სასამართლო პროცესი 19 მაისს არის ჩანიშნული, რომელზეც მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგებიან.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ პროკურატურამ კვლავ პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააყენოს, თუმცა როგორც ”ინტერპრესნიუსს” დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა, დაცვის მხარეს მყარი არგუმენტები ექნება საიმისოდ, რომ მოსამართლემ პროცესის დახურვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილოს.

”ვამზადებთ რაღაცებს 19 მაისისთვის, იმისთვის, რომ მოსამართლეს სხვა გზა არ დავუტოვოთ, რათა პროცესი ღია დატოვოს და არ დახუროს. ეს იქნება წმინდა სამართლებრივი თემები და არა ხმაურიანი განცხადებები. ვეცდებით, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პრაქტიკის გამოყნებით, დავასაბუთოთ სამართლებრივად, თუ რატომ არ უნდა დაიხუროს სასამართლო პროცესი. ამ არგუმენტაციით გვინდა მოსამართლემ დაინახოს, რომ არ არსებობს პროცესის დახურვის საფუძველი”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები