პოლიტიკა

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება

22.05.17 17:30


საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ესტუმრა. აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი, დღეს, თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა შედგა. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე გაამახვილეს და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებს და მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობა რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისათვის გაძლიერდეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა განვითარდება და სწრაფ ტემპს შეიძენს. მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გააჩნია.

მინისტრებმა ერთობლივი სწავლებების შესახებაც ისაუბრეს და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი მინისტერიალის შესახებაც გაამახვილეს ყურადღება. ლევან იზორიას განცხადებით, სამხრივ ფორმატში თანამშრომლობის დინამიკა ძალიან პოზიტიური და მზარდია.

გაფართოებულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი, თავდაცვის ატაშე, მაიორი ფუატ იბრაჰიმოვი და დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.

დღესვე, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები