საზოგადოება

ილია ჭავჭავაძის სახლის რეაბილიტაცია იწყება

23.05.17 21:45


თბილისში ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის რესტავრაცია დაიწყო, ნათქვამია თბილისის მერიის facebook-გვერდზე პრეს-სამსახურის განცხადებაში.

სამუშაოებს პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში მუზეუმების განვითარების პროგრამით თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს.

"ეს არის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა, როცა საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით აღდგება ილიას მუზეუმი, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი", — აღნიშნა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ჭავჭავაძის მუზეუმი ჯავახიშვილის ქუჩაზე 1987 წელს გაიხსნა. თავის დროზე შენობა ილია ჭავჭავაძის დის — ელისაბედის საკუთრებაში იყო და მისი მეუღლის, გენერალ ალექსანდრე საგინაშვილის მიერ 1880-იან წლებში აშენდა. ილია ჭავჭავაძე ამ სახლში 1889-1901 წლებში ცხოვრობდა. იქვე ფუნქციონირებდა ჭავჭავაძის მიერ დაფუძნებული გაზეთ "ივერიის" რედაქცია და ტიპოგრაფია. XIX საუკუნეში სახლი ცნობილი იყო, როგორც ადგილი, სადაც ხუთშაბათობით რჩეული საზოგადოება იკრიბებოდა და ლიტერატურული საღამოები ეწყობოდა. სამუზეუმო კომპლექსი, გარდა უშუალოდ სახლისა, მოიცავს: კოშკს, ღვინის სარდაფს, ბეღელს, წყლის წისქვილსა და პურის საცხობს. ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები