პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენთვის პრიორიტეტულია ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლება, ასევე, აფხაზური ენის დაცვა და განვითარება

24.05.17 19:30


ჩვენთვის პრიორიტეტულია ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლება და ასევე, საქართველოს კონსტიტუციით დაცული მეორე სახელმწიფო ენის - აფხაზურის - დაცვა და განვითარება, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უწყებათაშორისი კომისიის სპეციალური სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

უწყებათაშორისი კომისია ქეთევან ციხელაშვილის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლების, აფხაზური ენის და ეთნიკური უმცირესობებისთვის, მათ შორის, მცირერიცხოვანი ჯგუფების წარმომადგენელთათვის მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხების განსახილველად შეიკრიბა. კომისიამ სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში მიმდინარე პროგრამები და პროექტები განიხილა.

„უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სპეციალურ სხდომას ვუთმობთ ჩვენი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ საკითხს, ეს არის სახელმწიფო ენის - ქართული ენის - ცოდნის დონის ამაღლება და ასევე, საქართველოს კონსტიტუციით დაცული მეორე სახელმწიფო ენის - აფხაზურის დაცვა და განვითარება. ჩვენი სამოქალაქო ინტეგრაციის და თანასწორობის სტრატეგიაში ეს გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. დღეისთვის ზოგიერთ რეგიონში და უმცირესობათა წარმომადგენლობის ზოგიერთ ჯგუფში ქართული ენის ცოდნის დონე ჯერ კიდევ არ არის ისეთი, რომ ყველამ შეძლოს თანაბრად ჩართვა ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ეს არის ფაქტობრივად კარი მათი წარმატებისაკენ, მათი ჩართულობისაკენ, ამიტომ სახელმწიფოს ვალია, რომ მაქსიმალურად შეუქმნას შესაძლებლობები ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ისწავლონ სახელმწიფო ენა. ასევე, არსებობს სხვა სახის პრობლემები, როდესაც ქართული ენა იზღუდება და იდევნება გალის რაიონში, რადგან არსებობს საფრთხეები არა მხოლოდ ქართულ, არამედ აფხაზურ ენასთან მიმართებაში, ჩვენი სახელმწიფოს ვალია, რომ მაქსიმალურად გაააქტიუროს ენის დაცვის მექანიზმები. დღეს კომისიის სხდომას ვატარებთ იმის გამო, რომ ჩვენ გვინდა, ეს პოლიტიკა კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდეს, კიდევ უფრო სისტემატიზებული მიდგომა გაჩნდეს სახელმწიფო ენის - როგორც ქართულის, ისე აფხაზური ენის დაცვასთან და განვითარებასთან მიმართებაში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სხდომაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ასევე, სხვა სახელმწიფო უწყებების, უმაღლესი სასწავლებლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები