პოლიტიკა

სოფო კილაძე - მთავარი და პრინციპულია ჩვენს ქვეყანაში, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა

24.05.17 20:50


მთავარი და პრინციპულია ჩვენს ქვეყანაში, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მონაწილეობით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

”არ ვიცი რა ჩანაწერებზეა საუბარი. თუ რაიმე დანაშაულზეა საუბარი, რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იყოს, რადგან მთავარი და პრინციპულია ჩვენს ქვეყანაში, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა. არც ერთი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, სოფო კილაძე იქნება, თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. არც თანამდებობა, არანაირი საკითხი არავის აძლევს უფლებას, რომ კანონზე მაღლა დადგეს. ყველა არის თანასწორი”, - განაცხადა სოფო კილაძემ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ერთ-ერთი კაფე-ბარის თანამშრომელს სავარაუდოდ იარაღით ემუქრება. ვიდეოს ავტორის მტკიცებით, კადრები კაფე-ბარის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული, რომელიც 2016 წლის დეკემბერში მომხდარ ინციდენტს ეხება. ვიდეომასალის ავთენტურობა უკვე დაადასტურა გენერალურმა აუდიტორმა და განაცხადა, რომ კადრების გავრცელებაში პროკურატურა და უშუალოდ მთავარი პროკურორი იყო ჩართული, რათა მასსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტი გადაიფაროს. თორდიას თქმით, აღნიშნული ვიდეოკადრები ირაკლი შოთაძის მობილურ ტელეფონში ინახებოდა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები