პოლიტიკა

„ობსერვერი“ - გერმანია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესს ბლოკავს

09.06.16 15:30


გერმანია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესს ბლოკავს, - ამ სათაურით სტსტიას ევროპული გამოცემა „ობსერვერი“ აქვეყნებს.

სტატიის თანახმად, გუშინ, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) სხდომაზე, გერმანიის ელჩმა, რომელსაც მხარი საფრანგეთმა და იტალიამ დაუჭირეს, დაბლოკა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების წინწაწევის საკითხი.

„მათ ეს გადაწყვეტილება იმ დღეს მიიღეს, როცა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის დედაქალაქში იმყოფებოდა, დადებითი გადაწყვეტილების ლობირების მიზნით“ , - აღნიშნავს გამოცემა.

როგორც „ობსერვერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ბერლინი უკმაყოფილოა გერმანიაში მოქმედი ქართული კრიმინალური ჯგუფების გამო, რომლებიც ძირითადად, ბინების ძარცვას კურირებენ.

როგორც გუშინ კომიტეტის სხდომაზე განაცხადეს, თბილისმა ამ პრობლემის გადასაწყვეტად ზომები უნდა მიიღოს, ევროკომისიამ კი უნდა შეამოწმოს, თუ რა პრობლემები არსებობს ამ კუთხით ევროკავშირის სხვა ქვეყნებში და სწორედ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციის საკითხზე.

გარდა ამისა, გაკეთდა განცხადებები, რომ ევროპარლამენტმა ჯერ ე.წ. შეჩერების მექანიზმი უნდა დაამტკიცოს, რომელიც მისცემს ევროკავშირს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, ამ თუ იმ ქვეყანას უვიზო რეჟიმი გამარტივებული პროცედურით შეუჩეროს.

„ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ვიზის საკითხზე ლუქსემბურგში პარასკევს იმსჯელებენ, საგარეო საქმეთა მინისტრები კი ანალოგიურ საკითხზე 20 ივნისს ისაუბრებენ.

მაგრამ 8 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება შეუძლებელს ხდის საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ზაფხულის პერიოდში“, -წერს გამოცემა.

„ყოველთვის, როცა საქართველოს საკითხზე შეთანხმების მიღწევას ვცდილობთ, ახალი პრობლემა იჭრება. ამჯერად ეს კრიმინალია. მაგრამ საკითხავია, არის თუ არა ეს ნამდვილი მიზეზი“, - აცხადებს ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატი „ობსერვერთან“ საუბარში.

გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა უვიზო რეჟიმს ოქტომბერში გამართულ არჩევნებამდე მიიღებს. მისი თქმით, ქართველი ხალხის უმრავლესობა პროევროპულადაა განწყობილი, მაგრამ თუ ევროკავშირი არაფერს არ მოიმოქმედებს, საქართველოში შესაძლოა მცირე პრორუსული პარტიები გაძლიერდნენ.

„საქართველოს მთელ პროდასავლურ ბლოკს უვიზო რეჟიმი არჩევნებამდე სჭირდება“, - აცხადებს მარგველაშვილი.

„ობსერვერთან“ საუბარში საქართველოს პრეზიდენტმა უარყო გერმანიის ბრალდება. როგორც მან აღნიშნა, სტატისტიკა მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეები უცხოელი კრიმინალების სიაში ბოლოდან მეორე ადგილს იკავებენ.

კითხვაზე, რატომ დაბლოკა გერმანიამ უვიზო რეჟიმის დაწესება, მან განაცხადა: „არსებობს ბევრი კითხვა, რომელზეც მკაფიო პასუხი არ არის. გულწრფელად გითხრათ, მე ამის არ მესმის“.

როგორც „ობსერვერთან“ საუბარში ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას, თუმცა გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის პოზიცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ პროცესში.

კიდევ ერთი დიპლომატის თქმით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაუყონებლივ დაწესებას ითხოვენ აღმოსავლეთ ევროპა, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ამბობენ, რომ უვიზო რეჟიმის დაუწესებლობის შემთხვევაში, ქართველები რუსეთისკენ მიბრუნდებიან.

წყაროს ცნობით, ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე ევროკავშირის შინაგან საქმეთა 25 მინისტრი საფრანგეთს, გერმანიასა და იტალიას მათ პოზიციის დაზუსტების თხოვნით მიმართავს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 1378


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები