პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე - მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს

24.05.17 21:35


23 მაისს, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აფხაზეთის დღე. ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებლად მოვა დრო, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, სურვილისამებრ მოინახულონ სიმონ კანანელის საფლავი ახალ ათონში - ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძემ აფხაზეთის დღესთან მიმართებაში, რომელთან დაკავშირებითაც „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მისი თქმით, სჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის მოხდეს დიდი შერიგება.

„ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაა. არა მხოლოდ ტერიტორიების, არამედ უპირველეს ყოვლისა იქ მცხოვრები ადამინების და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ამისთვის საჭიროა გონივრული პოლიტიკა და არა ის პოლიტიკა, რომელსაც აქამდე აწარმოებდა საქართველო და მათ შორის დღევანდელი ხელისუფლებაც.

„ჩვენ უნდა შევძლოთ რეალური გარღვევის მოხდენა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში. ამავდროულად გარღვევა უნდა მოხდეს ქართულ-რუსულ ურთიერთობებშიც იმიტომ, რომ ამის გარეშე შეუძლებელი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დღევანდელი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა მხოლოდ გვაშორებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები