პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი - ოთხი დღის განმავლობაში თბილისი ბრიუსელთან ერთად იქნება ნატო-ს პოლიტიკური ცენტრი

25.05.17 18:15


ოთხი დღის განმავლობაში თბილისი ბრიუსელთან ერთად იქნება ნატო-ს პოლიტიკური ცენტრი, რაც არის ჩვენი ქვეყნის პროგრესის, დემოკრატიის, განვითარების, წარმატებების პირდაპირი აღიარება, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხვალ საქართველოში იწყება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რაც ისტორიული დღეა.

”დღეს ბრიუსელში, ნატო-ს წევრი ქვეყნების მეთაურების შეხვედრა გაიმართება და ხვალიდან ეს ცენტრი გადმოინაცვლებს თბილისში, სადაც დაიწყება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის. ნატო-ს ისტორიაში მხოლოდ ოთხჯერ ჩატარდა არაწევრ ქვეყანაში ასამბლეა. 2002 წლის შემდეგ საქართველო იქნება პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს. შემდგომი ოთხი დღის განმავლობაში თბილისი ბრიუსელთან ერთად იქნება ნატო-ს პოლიტიკური ცენტრი, რაც არის ჩვენი ქვეყნის პროგრესის, დემოკრატიის, განვითარების, წარმატებების პირდაპირი აღიარება. ამ დღეს ჩვენ დიდი სიხარულით ვხვდებით. ხვალ არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

მართლაც ამ შემთხვევაში ეს დღე ემთხვევა იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველოში ტარდება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა. ჩვენ ქვეყანას აქვს უნიკალური შანსი წარადგინოს თავი საერთაშორისო ასპარეზზე”, - განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, 600-მდე დელეგატი ეწვევა თბილისს, მათ შორის 28 წევრი ქვეყნის პარლამენტის დეპუტატი, 20 არაწევრი ასოცირებული და პარტნიორი ქვეყნების დამკვირვებლები.

”სესიაზე სიტყვით გამოვლენ: საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. ნატო-ს წევრი ქვეყნების დელეგატები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და გაეცნობიან იმ მიღწევებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ასევე მნიშვნელოვანი და უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საგაზაფხულო სესიაზე, როგორც წესი, არ იღებს ან იშვიათად იღებს რეზოლუციას ან დეკლარაციას, თუმცა, ამ შემთხვევაში გვაქვს პატივი, რომ ამ ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია იქნება მიღებული, რასაც მივესალმებით”, - აღნიშნა სესიაშვილმა.

საპარლამენტო ასამბლეაზე თბილისში ვერ ჩამოდის ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. როგორც ირაკლი სესიაშვილმა განმარტა, ეს სტოლტენბერგის აშშ-ში ვიზიტს უკავშირდება.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები