პოლიტიკა

რუსეთის მიერ საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაცია და მილიტარიზაცია ეროვნულ უსაფრთხოებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის - პრემიერი

29.05.17 17:30


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს საპარლამენტოასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მილიტარიზაცია საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას.

„რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს 20 პროცენტის ოკუპაცია და მილიტარიზაცია მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას.

გარდა ამისა, ყირიმის უკანონო ანექსიამ, რომელსაც შედეგად მოჰყვა დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში და გავლენის სფეროთა გადანაწილება, ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მშენებლობაში მიღწეული უდიდესი პროგრესის, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების უდიდესი მონაპოვრის გაქარწყლებას ისახავს მიზნად"- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების პასუხი აღნიშნულ გამოწვევაზე მეტი დემოკრატიზაცია, მეტი ეკონომიკური განვითარება და მეტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია გახლავთ.

"ამ გამოწვევებზე დასავლეთის ერთადერთი ქმედითი პასუხი უნდა იყოს მეტი ერთობა და სიმტკიცე თავისუფლებისა და სხვა ფუძემდებლური ღირებულებების დაცვის საკითხში, ღია კარის პოლიტიკა და შესაბამისი სურვილის მქონე ევროპული ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფებების მკაფიო მხარდაჭერა.

ამ მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული რეფორმების, ნატოში ინტეგრაციისა და საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებით, საქართველომ უკვე შექმნა წინაპირობა, რათა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრების გზაზე ნატომ შემდგომი ნაბიჯი გადადგას“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები