პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე - ეს არის აღიარება ჩვენი ქვეყნის უდიდესი პროგრესის

29.05.17 18:20


საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საქართველოში ჩატარება არის ქვეყნის წარმატება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს დადასტურდა ყველა ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც დღეს გაკეთდა, როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ისე დელეგაციის ყველა წევრის მიერ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ლიდერებმა, რომელთაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ საკუთარ ქვეყნებში და შესაბამისად ალიანსში, იხილეს საქართველოში, ადგილზე, ის უდიდესი პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც დემოკრატიული განვითარების კუთხით, ასევე უსაფრთხოების და თავდაცვის გაძლიერების კუთხით. ეს ყველაფერი ჩვენ გვხდის თავსებადს ნატო-სთან და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო იყენებს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ნატო-ში წევრობას“,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის განცხადებებზეც.

„პირველივე წინადადებაში მან თქვა, რომ საქართველო არის ევროატლანტიკური უსაფრთხოების ნაწილი. ეს არის აღიარება ჩვენი ქვეყნის უდიდესი პროგრესის. გენერალური მდივნის მოადგილისგან დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ საქართველო არის განსაკუთრებული ასპირანტი ქვეყანა და ჩვენ გვაქვს ძალიან სწორი ტრაექტორია და მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც ჩვენ გვაახლოვებს ჩვენს მიზანთან. რაც შეხება დეკლარაციას, რომლის პროექტი ვიხილეთ, დარწმუნებული ვარ, ეს დეკლარაცია იქნება მხარდაჭერილი საპარლამენტო ასამბლეის მიერ. ამ დეკლარაციით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს როლი ნატოსთვის, რამდენად დიდი პროგრესი აქვს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე, რამდენად ზრუნავს ნატო ჩვენს უსაფრთხოებაზე, დაცულობაზე, რამდენად იზიარებს იმ საფრთხეებს, რომელიც გვაქვს ოკუპაციის, რუსეთის აგრესიის შედეგად და ასევე რამდენად იზიარებს ნატო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას. ეს არის ცალსახა, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს მიზანს, რაც არის სტაბილური, უსაფრთხო და მშვიდი განვითარება, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულრიება, ხელს შეუწყობს აუცილებლად“,- განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, ამ დეკლარაციაში არის აღიარებული განსაკუთრებული პროგრესი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე, მედიაპლურალიზმის, საერთო ღირებულებების, პოლიტიკური თავსიუფლების და პლურალიზმის კუთხით.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები