პოლიტიკა

"ანდჟეი დუდას ვიზიტი ნატო-ს სამიტის შემდეგ ძლიერი პოლიტიკური გზავნილია" - გიორგი მარგველაშვილი

30.05.17 16:35


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში პირველი სახელმწიფო ვიზიტით მყოფი პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა სასახლეში მიიღო.

პირისპირ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ დუდას პირველი სახელმწიფო ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულს და ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს ემთხვევა.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ნატო-ს სამიტის შემდეგ ეს ვიზიტი ძლიერი პოლიტიკური გზავნილია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს პოლონეთის მხრიდან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში მხარდაჭერას.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე და უწყვეტი მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მინიჭების პროცესში გაწეული დახმარებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მხარდაჭერას და როლს საქართველოს ინტერესების დაცვისა და ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებში.

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კონსოლიდირებული ასიგნების აქტის ხელმოწერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პოლონეთი იცნობს იმ სირთულეებს, რომლებიც სამშობლოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის დაცვასთან არის დაკავშირებული და აღნიშნა, რუსეთზე უწყვეტი ზეწოლის და ამ თემის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნების აუცილებლობა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები