საზოგადოება

საპატრიარქოს იურისტი: ილია მეორის მოკვლა უნდოდათ

30.05.17 19:00


საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ მეუფე პეტრე დაადანაშაულა იმაში, რომ ის დაინტერესებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჩამოშორებაში, რასაც ამ უკანასკნელმა ცილისწამება უწოდა.

მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქოში არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც „ციანიდის საქმესთან" არის დაკავშირებული. დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს. მამალაძეს ილია მეორის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება დასდეს ბრალად. მოგვიანებით ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ მამალაძის დაკავება თეთრუაშვილს აწყობდა, რომელსაც საპატრიარქოს „რუხი კარდინალი" უწოდა.

მან აღნიშნა, რომ მეუფე პეტრე მეგობრობდა მამალაძესთან და კათოლიკოს-პატრიარქის ყოფილ მცველ სოსო ოხანაშვილთან.

„მეუფე პეტრეზე უშუალოდ ვერ ვიტყვი, რომ ლიკვიდაციაში მონაწილეობდა, მაგრამ მეუფე პეტრეს სურვილია კათოლიკოს-პატრიარქის მოკვდინება… გამოვიდეს და საზოგადოებას სიმართლე უთხრას, თუ ის არ იტყვის სიმართლეს, მე ვიტყვი. ის მეგობრობდა როგორც მამა გიორგი მამალაძესთან, ისე სოსო ოხანაშვილთან, მათ უწევდა სულიერ თანადგომას, მათი მთავარი მიზანი იყო კათოლიკოს პატრიარქის საპატრიარქო ტახტიდან ჩამოშორება", — განაცხადა ქარჩავამ.

მეუფე პეტრემ ბრალდებებს პროვოკაცია და სიცრუე უწოდა.

„პატრიარქი ისევ დეზინფორმირებულია და ამას ამ კონტექსტით არავითარ შემთხვევაში არ მიაწვდიან და ღმერთმა დაიფაროს საქართველოს ეკლესია. თუ ყველაფრის საქმის კურსშია ჩვენი პატრიარქი, მაშინ ძალიან მძიმე დღეში ყოფილა ჩვენი ეკლესია… სანამ პატრიარქი ამ ადამიანების გარემოცვაშია, ჩვენ არა ვართ დაცული მსგავსი ინტრიგებისგან, მსგავსი პროვოკაციებისგან, მსგავსი ცილისწამებისგან, რაც პირველ რიგში ემსახურება ეკლესიისა და პატრიარქის დისკრედიტაციას", — განაცხადა მეუფე პეტრემ ტელეკომპანია „რუსთავი2"-თან საუბრისას.

პეტრე ცაავა არაერთხელ გამოვიდა მასმედიაში და მამალაძეს დაუჭირა მხარი. რაც შეეხება დეკანოზ მამალაძეს, ის ბრალს არ აღიარებს. საქმის სასამართლო მოსმენები უკვე დაიწყო, თუმცა, პროკურატურის შუამდგომლობით, ის დაიხურა. მამალაძისთვის წაყენებული ბრალდებები 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები