პოლიტიკა

ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს “სამოქალაქო კოდექსი“ დაარეგულირებს

30.05.17 21:15


სამოქალაქო კოდექსში სადაზღვევო ურთიერთობების დარეგულირების მიზნით ახალი ქვეთავი ემატება. კანონპროექტის ინიციატორების განცხადებით შემოთავაზებული ცვლილება დაზღვევით მოსარგებლე პირთა ინტერესების დაცვის მიზანს ემსახურება. კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, ვანოზარდიაშვილი.

კანონპროექტით სამქოალაქო კოდექსში შემოვა და დარეგულირდება დაზღვევის ისეთი მნიშვნელოვანი სახე, როგორიცაა ჯანმრთელობის დაზღვევა და განისაზღვრება მისი მომწესრიგებელი ფუნდამენტური საკითხები. ასავე, განისაზღვრება ის ნორმები, რომელთა გამოყენებაც იქნება შესაძლებელი ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. კერძოდ:

„ შემოთავაზებული ცვლილებებით, სამოქალაქო კოდექსის მეოცე თავს დაემატება ქვეთავი, ჯანმრთელობის დაზღვევა. ჯანმრთელობის დაზღვევის მომწესრიგებელ პირველ მუხლში, დაზღვევის მოცემული სახის ცნების ფარგლებში განისაზღვრება მისი მოცულობა და შინაარსი.

შემოთავაზებული ფორმულირებით, ჯანმრთელობის დაზღვევა ფარავს როგორც მისი მდგომარეობის გაუარესების, ასევე დაზიანებისა და სხვა სახის მომსახურების ხარჯებს. ასეთი ფართო ფორმულირებით განისაზღვრება და დაცულია მომხმარებლის უფლება ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზაციისას ისარგებლოს კანონით განსაზღვრული შეუზღუდავი შესაძლებლობებით. აღნიშნული მუხლის ჩამოყალიბება გამართლებულია როგორც დაზღვევის ერთ- ერთი პრინციპის, უსაფუძვლო გამდიდრების პრევენციის, ისე, სამოქალაქო კანონმდებლობის (მხედველობაშია დელიქტის სამართლის დამსჯელობითი მიზანი) ფუნდამენტური პრინციპების გატარებისთვის.

სიცოცხლის დაზღვევასთან მიმართებით სუბროგაციის უფლების გამოყენების შესაძლებლობა განსხვავებულად (გაუმართლებლად) მიიჩნევა ქართული სასამართლო პრაქტიკით. იმისათვის, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის, როგორც პირადი დაზღვევის სახეობის შემთხვევაში თავიდან იქნეს აცილებული ბუნდოვანება, განმტკიცდეს მზღვეველის აღნიშნული უფლება ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილში. ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში მზღვეველის სუბროგაციის უფლების გამოყენების შესაძლებლობის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცება თავისთავად ზრდის მათ მოტივაციას ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტებზე მუშაობისა და მათი მოცულობის გაზრდისთვის, რაც თავის მხრივ, სწორედ მომხმარებლის ინტერესების დაცვას ემსახურება.

ნორმის მიზანია მკაცრად განისაზღვროს ჯანმრთელობის დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმების მოქმედების სფერო. ის გამორიცხავს სადაზღვევო კომპანიების მხრიდან არასწორი და მანკიერი პრაქტიკას, ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმისთვის გამოიყენონ კანონის ანალოგია ქონების ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით.“- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო ინიციატივას იურიდიულმა და საბიუჯეტო კომიტეტებმა დადებით დასკვნა მისცეს.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები