პოლიტიკა

საქართველო პოლიციის დღეს აღნიშნავს

31.05.17 15:15


თბილისში, საქართველოს შსს–ს მთავარ შენობასთან პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები სრულდება. წელს პოლიციის დღე 31 მაისს აღინიშნება.

პოლიციელების პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ზეიმი ნოე რამიშვილის ქუჩაზე გაიმართება. შსს–ს მთავარი შენობა კახეთის გზატკეცილთან ახლოსაა განთავსებული. საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით 09:00–დან 14:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა გადაიკეტება კახეთის გზატკეცილზე მეტრო "სამგორიდან" ჯავახეთის ქუჩის ხიდებამდე, ასევე მიტროფანე ლაღიძისა და ნოე რამიშვილის ქუჩებზე.

შსს–ს შენობასთან გაიმართება აღლუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტისა და ქვედანაყოფის წარმომადგენლები, წარმოადგენენ სამინისტროს მიერ გამოყენებულ ტექნიკას.

აღლუმს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მიიღებს. ღონისძიებას დაესწრებიან მთავრობის წევრები, ასევე უცხოეთის დელეგაციები, მათ შორის სტუმრები უკრაინიდან და ლატვიიდან. პროფესიული დღესასწაული პოლიციის დღე 2010 წელს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით დაფუძნდა. მოგვიანებით ერთ–ერთ ინტერვიუში მაშინდელმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს თარიღი განახლებული ქართული პოლიციის დღეა. პოლიციის დღე მანამდე ყოველწლიურად 6 მაისს – წმინდა გიორგის დღესასწაულზე აღინიშნებოდა, რაც ქართულ საზოგადოებაში არაერთმნიშვნელოვან რეაქციას იწვევდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, მისი წინამორბედის ბრძანება გაუქმდა და პოლიციის დღის ჩატარების თარიღის განსაზღვრა შსს–ს პრეროგატივა გახდა. ამჟამად საქართველოში პოლიციის დღის ჩატარების ზუსტი თარიღი დაწესებული არ არის. მაგალითად, 2016 წელს პროფესიული დღე 2 ივნისს აღნიშნეს.

წარსული და აწმყო

ქართული პოლიცია ისევე, როგორც შსს მთლიანობაში, გასული საუკუნის 90–იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა. მაშინ შეიქმნა შსს–ს ქვედანაყოფები შინაგანი ჯარების სახით. საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის წლებში ქვეყნის პოლიცია არაერთხელ გამხდარა მკაცრი კრიტიკის საგანი როგორც ოპოზიციური პოლიტიკოსების, ისე სამართალდამცველი ორგანიზაციების მხრიდან. ქართული საზოგადოება არ მალავდა უკმაყოფილებას "საის" მიმართ, რომელიც საბჭოთა გადმონაშთად მიიჩნეოდა და რეფორმირებას საჭიროებდა. ბევრი საუბრობდა სახელმწიფო ავტოინსპექციის თანამშრომლების მექრთამეობასა და არაკომპეტენტურობაზე. ეს 2004 წლამდე გაგრძელდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა კრიმინალს ომი არ გამოუცხადა და შსს–ს რეფორმა არ დაიწყო. მაშინ გაჩნდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც რეფორმირებული შსს–ს ერთგვარი სიმბოლო და უწყების ფლაგმანი გახდა. მაშინ მთლიანად დაითხოვეს "საის" თანამშრომლები და საპატრულო პოლიციაში ახალი კადრები მიიღეს. შსს–ს იმ პერიოდში ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა. რეფორმა წარმატებით განხორციელდა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შექმნიდან 10 წელზე მეტი გავიდა, შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ რეფორმის ძირითადი იდეები – არა ქრთამს, პატიოსნება, თავაზიანობა, მაქსიმალური ობიექტურობა და სიმკაცრე კანონის დამრღვევების მიმართ, შენარჩუნდა. რა თქმა უნდა, ცალკეული დარღვევები არის, მაგრამ კანონის დამრღვევი პოლიციელები ისჯებიან.

პოლიცია – სახელმწიფოს სახე

ქართული პოლიცია ისევე, როგორც შსს–ს ქვედანაყოფები სხვა ქვეყნებში, სახელმწიფოს თავისებურ სახეს წარმოადგენს, მიიჩნევს პოლიტოლოგი, შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე. "ქართული პოლიცია ჩემთვის სამართალდამცველ ორგანოს ნიშნავს და ეს ეხება არა მხოლოდ მას, არამედ სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიციასა და შსს–ს სტრუქტურების წარმომადგენლებს. პოლიცია სახელმწიფოს სიმბოლოა და პოლიციის მიხედვით შეიძლება იმსჯელო სახელმწიფოს სოციალურ–ეკონომიკურ, სამართლებრივ ან პოლიტიკურ განვითარებაზე", – განაცხადა ჩიტაძემ "Sputnik–საქართველოსთან" ინტერვიუში.

პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ საქართველოს თანამედროვე საპატრულო პოლიცია, შსს–ს სხვა ქვედანაყოფებთან ერთად, კორუფციისგან თავისუფალი, განვითარებული ქვეყნის სიმბოლოა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები