პოლიტიკა

ანდჟეი დუდა - საქართველოს შეუძლია ჰქონდეს პოლონეთის იმედი

31.05.17 15:45


დღევანდელ საქართველოს შეუძლია ჰქონდეს პოლონეთის იმედი, - ამის შესახებ საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფმა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ საჯარო ლექციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლონურ-ქართული ურთიერთობები განსაკუთრებულია. ამ კონტექსტში მან ისაუბრა მე-19 საუკუნეში არსებულ მჭიდრო კავშირებზე ქართველებსა და პოლონელებს შორის და აღნიშნა, რომ გადასახლებული პოლონელები საქართველოში პოულობდნენ მეორე სახლს, ხოლო ქართველები აქტიურად მსახურობდნენ პოლონურ ჯარში.

პოლონეთის პრეზიდენტმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც გაიხსენა. "მახსოვს დრამატული 2008 წელი. თქვენ მაშინ არ იყავით მარტო. ლეხ კაჩინსკის და სხვა ლიდერების ვიზიტი მაშინ იყო სოლიდარობის დემონსტრირება. ლეხ კაჩინსკის შეეძლო სიმამაცის და პოლიტიკური სიბრძნის გამოჩენა. მან იცოდა, რომ სოლიდარობის ეს აქტი და ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყნების ერთობლივი რეაგირება უმნიშვნელოვანესი იყო",- განაცხადა ანდჟეი დუდამ.

მან ისაუბრა პოლონეთის მხარდაჭერაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და აღნიშნა, რომ ეს გრძელი გზა მოითხოვს ძალიან დიდ მუშაობას შიდა რეფორმების გატარებისა და ინსტიტუტების ფუნქციონირების გაუმჯობესების მიმართულებით.

"მჯერა, რომ საქართველო ეფექტურად დანერგავს ევროპულ სტანდარტებს",- დასძინა პოლონეთის პრეზიდენტმა. მან ასევე მზადყოფნა გამოთქვა, პოლონეთმა გააძლიეროს თავისი ჩართულობა კავკასიაში და დაეხმაროს საქართველოს ნატო-ს სტანდარტების დანერგვასა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები