პოლიტიკა

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე - ვეტოსთან მიმართებაში საუბარი დოკუმენტზე, რომელზეც ჯერ პირველი მოსმენაც არ ყოფილა, ნაადრევია

31.05.17 21:15


ახლა საკითხი იმაზეა, თუ რამდენად მოისმინეს პატივცემულმა საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა არა ის შეკითხვები, რაც თვითონ დაასმევინეს, არამედ ის, რაც საზოგადოებისგან იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მარგველაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დასრულებას გამოეხმაურა.

პრეზიდენტის თქმით, კონსტიტუცია ყველასია და ის ხალხის ნებას უნდა ექვემდებარებოდეს.

”პირველ რიგში, მე მინდა ვთქვა, რომ მაქსიმალური მოსმენა საზოგადოების ის იყო, რაც მე დავაფიქსირე პირველივე დღიდან. არ მომწონდა პროცესში საზოგადოების ჩართულობა პოსტფაქტუმ იყო. ეს არის ძალიან ლოგიკური კითხვა, რაც მქონდა საკონსტიტუციო კომისიასთან. რაღაცის ცვლილებას რომ აპირებ, არის კი საჭიროება ამ ცვლილების და მოგცა კი საზოგადოებამ მანდატი? არა იურიდიულად, რომ შეგიძლია კენჭი უყარო, არამედ პოლიტიკურად, იმისთვის, რომ შეცვალო ქვეყნის მთავარი დოკუმენტი?! ეს არ იქნა თავიდანვე გათვალისწინებული. შემდეგ უკვე, პოსტფაქტუმ დაწერილი დოკუმენტი, რომელსაც ჰქონდა და აქვს ნულოვანი კონსენსუსის ხარისხი, რადგან ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დატოვა საკონსტიტუციო კომისია, არც ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ არ დაუჭირა მხარი, ეს დოკუმენტი იქნას განხილული. ახლა საკითხი არის იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მოისმინეს პატივცემულმა საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა და დეპუტატებმა ის შენიშვნები, რაც იყო საზოგადოებიდან. ის, რაც თვითონ ათქმევინეს დარბაზიდან, ყველამ კარგად მოვისმინეთ და იმ აზრსაც აქვს ვალიდურობის და არსებობის უფლება, მაგრამ საინტერესოა რამდენად მოისმინეს არა ის შეკითხვები, რაც თვითონ დაასმევინეს, არამედ ისინი, რაც საზოგადოებისგან იყო. მე ველოდები, რომ ამ თვალსაზრისით იქნება ძალიან ყურადღებით გაანალიზებული ის განწყობა, რაც არის საზოგადოებაში. კიდევ ერთხელ ვამბობ - კონსიტუცია ყველასია და ის ხალხის განწყობას, ნებას უნდა ექვემდებარებოდეს”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს ცვლილებებს, რაზეც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ”ვეტოსთან მიმართებაში საუბარი დოკუმენტზე, რომელზეც ჯერ პირველი მოსმენაც არ ყოფილა, ძალიან ნაადრევია”.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები