პოლიტიკა

საქართველოს პრემიერი: პოლიციელები – ჩვენი დროის გმირები არიან

31.05.17 21:40


პოლიციელები ჩვენი დროის გმირები არიან, რადგან მოქალაქეთა უსაფრთხოებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც ქართველ პოლიციელებს მათი პროფესიული დღესასწაული მიულოცა.

ქართული პოლიციის დღე წელს 31 მაისს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ გაიმართა აღლუმი სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტებისა და ქვედანაყოფების მონაწილეობით, ასევე წარმოდგენილი იყო სამინისტროს განკარგულებაში არსებული ტექნიკა.

მან მადლობა გადაუხადა პოლიციელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების საქმეში გაწეული სამსახურისთვის.

„დღეს ჩვენი მიზანია გვქონდეს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები. ჩვენ მაქსიმალურად უნდა მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს, სადაც თითოეული ადამიანის ინტერესების დაცვას ემსახურება სახელმწიფო და, შესაბამისად, პოლიცია… ჩვენი მიზანია პოლიცია უფრო მეტად დაუახლოვდეს ხალხს, კიდევ უფრო გაღრმავდეს ნდობა, პოლიცია და საზოგადოება მოკავშირეებად და პარტნიორებად იქცნენ", — ხაზგასმით აღნიშნა კვირიკაშვილმა. ამასთან ერთად მან აღნიშნა დანაშაულის პრევენციის მნიშვნელობა, რაც დანაშაულის გამომწვევი მიზეზების შესწავლასა და აღკვეთას გულისხმობს. „სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ერთობლივი ოპერაციების მაღალტექნოლოგიური ცენტრი. ასეთი ცენტრი მსოფლიოში სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას აქვს და ეს არის დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის საქმეში ყველაზე თანამედროვე მიდგომა.

მე მჯერა, რომ ასეთი რეფორმების განხორციელების შედეგად ჩვენ ძალიან მალე გვექნება ჭეშმარიტად XXI საუკუნის პოლიცია, რომლითაც ჩვენ ყველანი ვიამაყებთ", — განაცხადა პრემიერმა. პოლიციის დღე საქართველოში 2010 წელს დააფუძნეს და ორი წლის განმავლობაში ეს დღე 6 მაისს აღინიშნებოდა — წმინდა გიორგის ხსენების დღეს, რაც ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა. მას შემდეგ დღესასწაულის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგენს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები