ისტორიული სიმართლის დამახინჯების ერთი მაგალითის შესახებ “ბონდო არველაძე” ნაწილი 8

31.05.17 22:05


გაზ. „საქართველოს რესპუბლიკის” რედაქციისგან:

აი, გასრულდა ბეჭდვა გამოჩენილი ისტორიკოსის სიმონ ჯანაშიას რეცენზიისა ნ.ტოკარსკის წიგნზე „Ᾱрхитектура древней Ᾱрмении” Отв. Ред. И.А. Орбели, Ереван, изд-во АН Ᾱрм.

ССР, 1946, რომელშიც ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ძეგლები სომხურად არის გამოცხადებული, ქართული არქიტექტურა – სომხურის განშტოებად, ქართული ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები (მაგალითად, ტაო) – სომხეთად, ქართველი ბაგრატიონები – სომეხი ბაგრატუნების შთამომავლებად...

ტოკარსკის ამ წიგნმა თავის დროზე ქართველი ისტო¬რიკოსების, მთელი ქართული საზოგადოებრიობის დიდი აღ¬შფოთება და გულისწყრომა გამოიწვია. „მაგრამ მაშინ, როდესაც ფაქტობრივად აკრძალული იყო მეზობელი ხალხის წინააღმდეგ რამის დაწერა (ფაქტობრივად, ქართველებს აკრძალული ჰქონდათ სომხების „განაწყენება”), ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ტოკარსკის პასუხი გაეცემოდა. მაგრამ სიმონ ჯანაშიას დიდი ავტორი-ტეტი საშუალებას აძლევდა ბევრი რამ ისეთი გაეკეთებინა, რაც სრულიად შეუძლებელი იყო სხვებისთვის. და აი, გამოქვეყნდა მისი ნაშრომი, რომელშიც ქართული და უცხოური, და საკუთრივ სომხური, წყაროების მონაცემთა საფუძველზე, ყველაფერი თავის ადგილზე იყო დაყენებული”, – წერს აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე.

სიმონ ჯანაშიას (მაშინ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენ¬ტის, ივანე ჯავახიშვილის სახე¬ლობის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის) ეს რეცენზია, როგორც უკვე ვიცით, ჯერ საგაზეთო ვარიანტად დაიბეჭდა „ზარია ვოსტოკაში” (1947 წ. 25 იანვარი), 1947 წელს – ვრცელი ბროშურის სახით „ზარია ვოსტოკას” გამომცემლობაში, იმავე წელს იგი, ასევე ვრცელი სახით გამოქვეყნდა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ორგანოში „ვოპროსი ისტორიი” N 5. 2000 წელს, ს. ჯანაშიას დაბადების 100 წლისთავთან დაკავში-რებით, ისტორიკოსმა ზურაბ რატიანმა ბროშურა გამოსცა ფოტოტიპური სახით.

ამ ნაშრომს მეხის გავარდნის ეფექტი ჰქონდა. „ყველა გრძნობდა, რომ სიმონ ჯანაშიას სახით საქმეს საიმედო მეთაური ჰყავდა, რომელიც თავს პასუხისმგებლად გრძნობდა მთელი ქართული ჰუმანიტარული მეცნიერებისათვის, არ ეშინოდა და არასოდეს არ გაურბოდა პასუხისმგებლობას. შემთხვევით არ იყო, რომ, როდესაც, გამოიცა ტოკარსკის უხამსი წიგნი, სწორედ სიმონ ჯანაშიამ აღიმაღლა ხმა. ის დარაჯად ედგა ქართული კულტურისა და მეცნიერების ინტერესებს”, – იხსენებდა აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე.

საინტერესოა იმ დროს მოსკოვში სამეცნიერო მივლინებით მყოფი ცნობილი არქიტექ-ტორისა და ხელოვნებათმცოდნის ლონგო სუმბაძის გამოხმაურება ამ რეცენზიაზე:

„21.II.47. მოსკოვი.

დიდად პატივცემულო ბატონო სიმონ!

... მოხარული ვარ, რომ ამ საბაბით უფლება მეძლევა გამო¬ვთქვა აღტაცება თქვენი უკანასკნელი შრომის გამო ტოკარსკის წიგნის შესახებ... მე, როგორც ერთ-ერთმა მკითხველმა, არ შემიძლია თავი შევიკავო და არ გამცნოთ ჩემი სიხარული ამ ფაქტის გამო. ერთი ეგზემპლარი არ დავიშურე იმ სექტო¬რისათვის, სადაც მე ვმუშაობ. იგი, ეხლა ახალი „ქვათა ღაღადი”, ყუმბარასავით გასკდა და ბევრს გაუკრთო ძილი: ტოკარსკის შრომას ხომ სტალინურ პრემიაზე წარდგენას უპირებდნენ.

დასასრულ, ჩვენ, მკითხველები, ტოკარსკისაც უნდა „ვუმადლოდეთ”, რომლის შრომაც მიზეზი გახდა ასეთი თავისებური „ანტიდიურინგის” დაწერისა.

გისურვებთ ჯანმრთელობას ჩვენს საკეთილდღეოდ.

თქვენი ლ. სუმბაძე”.

მეორე წერილით ბატონი ლონგო ცნობილ ქართველ არქეოლოგს, იმხანად ისტორიის ინსტიტუტის სწავლულ მდივანს გოგი ლომთათიძეს ატყობინებს: „მაცულევიჩი მწერდა ტოკარსკის წიგნის გამო აღშფოთებას. რადგან ბ-ნ სიმონის წიგნი არ ჰქონია, მე სიამოვნებით მივაწოდე ჩემი ეგზემპლარი” (ლეონიდ მაცულევიჩი – გამოჩენილი ლენინგრადელი ხელოვ-ნებათმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრ-კორესპონდენტი, რომელიც მცხეთაში განათხარ მასალას სწავლობდა).

„ჯანაშიას წიგნი იმის ეტალონად გამოდგება, თუ როგორ უნდა გაეცეს პასუხი ისეთ დამახინჯებას, როგორიც ნ. ტოკარსკის წიგნშია წარმოდგენილი. სიმონის წიგნმა თავისი დანიშნულება კარგად შეასრულა. სომხეთში ტოკარსკი ასეთი აზრების გატარებისთვის გაიკიცხა და წიგნის გამომშვებ ინსტიტუტსაც საკმაოდ მოხვდა”, – იგონებს პარმენ ზაქარაია.

მაგრამ გავიდა დრო... და ერევანში ჯერ ტოკარსკის წიგნი გამოსცეს ხელმეორედ, 1978 წელს კი გამოვიდა ვინმე ტ. მარუთიანის წიგნი, რომელშიც ისევ ტოკარსკის აზრებია გატარებული ოდნავ შერბილებული სახით. ამჯერად, ბატონ პარმენ ზაქარაიას მოუხდა თავისი წიგნით „Зодчество Тао-Кларджети” (1991 წ.). ამ და სხვა მსგავს ანტიმეცნიერულ ნაშ¬რომებზე პასუხის გაცემა. მარუთიანის წიგნი მკაცრად გააკრი¬ტიკა ბატონმა ვახტანგ ბერიძემ თავისი „ტაო-კლარჯეთის” შესავალში; მასზე მწვავე რეცენზია „ქვანი კვლავ ღაღადებენ” დაბეჭდა ჟურნალ „მთანობში” (1991 წ. NN 3-4) ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ბონდო არველაძემ.

მაგრამ ზოგიერთი მეზობელი ვაიმეცნიერის „რეგიონულ ოკუპაციას” კიდევ გაუძლებდა კაცი, მათი „სრულიად მსოფ¬ლიო მასშტაბით” გამოლაშქრება რომ არა: რუსეთის საპატ-რიარქოს თაოსნობით განხორციელებულ „მართლმადიდებ¬ლური ენციკლოპედიის” ახლახან გამოსულ III ტომში სწორედ მათი „ჩაწოდებით” ტაო-კლარჯეთის მოსახლეობა და ძეგლები კვლავ სომხურადაა გამოცხადებული!

რედაქციაში ბევრი ვიფიქრეთ, თუ ვისთვის გვეთხოვა წერილის დაწერა „მართლ-მადიდებლური ენციკლოპედიის” მიერ ისტორიული სიმართლის გაყალბების შესახებ. და აქ ძალზე საინტერესო იდეა მოგვაწოდა ჩვენმა მეგობარმა, ცნობილმა არმენოლოგმა, ფილოლო¬გიის მეცნიერებათა დოქ¬ტორმა ბონდო არველაძემ, კერძოდ, ქართულად გვეთარგმნა სიმონ ჯანაშიას ბროშურა „Об одном примере искажения исто¬рической правды (По поводу книги Токарского „Архитектура древней Ᾱрмении”)”, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ელოდა ქართულ ენაზე ამეტყველებას და რომელსაც თავის დროზე ხელისუფალთა ისეთი შიში და უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რომ ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოცემული მისი „შრომების” ექვსტომეულში ამ ბროშურის შეტანა შეუძლებლად ჩათვალეს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებს, ვისაც ამასთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა ვთხოვეთ, მოიწონეს ეს წინადადება, მიიჩნიეს, რომ ეს საუკეთესო პასუხი იქნებოდა „მართლმადიდებლური ენციკლოპედიის” რედაქციის და მის უკან მდგომ ისტორიის გამყალბებელთა არა უბრალოდ მცდარ, არამედ პირდაპირ მტრულ გამოხდომაზე.

მართლაც: სიმონ ჯანაშიამ ნათლად, ამავე დროს მკაცრად, ულმობლადაც კი უჩვენა, რომ ტოკარსკის ნაწერს საერთო არაფერი ჰქონდა ისტორიულ სინამდვილესთან, მეცნი¬ერების მაღალი დონიდან საფუძვლიანად დაასაბუთა, რომ ტაო-კლარჯეთი საქართველოს ეკუთვნოდა და მისი არქიტექტურაც ერთმნიშვნელოვნად, მხოლოდ ქართულია და ამ საკითხზე განსხვავებული აზრის გამოთქმა მკრეხელობა და ჭეშმარიტების გაყალბებაა.

აქვე გვინდა ვთქვათ, რომ გამოჩენილი მეცნიერის ამ ნაშრომის ერთობ რთული ტექსტის თარგმანზე, რომელშიც ხშირად არის დამოწმებული ძველი ქართული, სომხური და ბიზანტიური წყაროები, დიდი შრომა გასწია მეცნიერმა და ჟურნალისტმა თამაზ ებანოიძემ. მას კონსულტაციას უწევდნენ აკადემიკოსები მარიამ ლორთქიფანიძე, დავით მუსხელი-შვილი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ბონდო არველაძე. მადლობა მათ ამ დახმარებისათვის!

ასე მოგვეცა საშუალება დაგვეკმაყოფილებინა ჩვენი საზო¬გადებრიობის ბუნებრივი ინტერესი, თვალნათლივ გვეჩვე¬ნებინა, თუ როგორ ცდილობენ მავანნი დააკნინონ, ხელყონ საქართველოს ისტორია, წაგვართვან ყველაზე ძვირფასი – წარსული. ეს კი უმძიმესი ბოროტმოქმედებაა, რამეთუ „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა”.

დაბოლოს, სიმონ ჯანაშიას რეცენზია, რომელიც დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ამ ნახევარი საუკუნის წინათ იყო, უკვე გვაქვს ქართულად.

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“
რედაქტორი ალეკო ასლანიშვილი

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები