პოლიტიკა

რომან გოცირიძე - საზოგადოებრივი მაუწყებელი პლენარული სესიების და კომიტეტების ტრანსლირების ეკრანიდან გაქრობას გეგმავს

31.05.17 22:15


საზოგადოებრივი მაუწყებელი პლენარული სესიების და კომიტეტების ტრანსლირების ეკრანიდან გაქრობას გეგმავს, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ როგორ ჩანს კურსი ეტაპობრივად საპარლამენტო ცხოვრების შეზღუდვისაკენ აიღო.

,,ეს არის ერთადერთი სფერო, რომელიც დღეს პირდაპირ კავშირს ამყარებს მოსახლეობასთან.

პირველი მცდელობა იყო იმაში, რომ კომიტეტის სხდომების ტრანსლირება შეაჩერეს. მაშინაც კი, როდესაც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ეროვნული ბანკის ანგარიში გადიოდა. ამის განხილვაც კი არ გადაიცემოდა პირდაპირ. ჩვენ ეს გავაპროტესტეთ. ეს არის მოსინჯვა იმისა, რამდენად შეეგუება ოპოზიციური პოლიტიკური ძალები და პარლამენტი ნელ-ნელა ჯერ საკომიტეტო მოსმენების გაქრობას ეკრანებიდან და მერე, პლენარული სხდომების. დღეს მათ თავი იმართლეს, რომ თითქოსდა ეს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატით იყო გამოწვეული. თუ ასე იყო, წინასწარ უნდა გავეფრთხილებინეთ და როდესაც რაგბის ჩემპიონატი დამთავრდებოდა მყისვე უნდა ყოფილიყო გაშვებული ტრანსლაციის ჩანაწერი. ახლაც, რაღაც სერიალები გადის და აქამდე არ არის ტრანსლირება აღდგენილი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის პლენარული სხდომის ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის ”მეორე არხზე” არ მიმდინარეობს, რასაც საპარლამენტო ოპოზიცია აპროტესტებს.

პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობის ნახვა მხოლოდ პარლამენტის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის პლენარული სხდომები საჯაროდ მიმდინარეობს და პირდაპირი ტელერადიოტრანსლაციით გადაიცემა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები