პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე - საქართველო მადლიერია იმ ფინანსური და ტექნიკური დახმარების, რაც იაპონიამ გაუწია

01.06.17 15:45


საქართველო მადლიერია იმ ფინანსური და ტექნიკური დახმარების, რაც ქვეყანას იაპონიამ გაუწია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ იაპონიის ნაციონალურ პრესკლუბში იაპონური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

"საქართველო და იაპონია იზიარებენ საერთო ფასეულობებს და პრინციპებს, რაც არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა. ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელს აღვნიშნავთ და შეგვიძლია ვიამაყოთ ბრწყინვალე თანამშრომლობით. საქართველო მადლიერია იმ ფინანსური და ტექნიკური დახმარების, რაც ქვეყანას გაუწია იაპონიამ, განსაკუთრებით საქართველოსთვის ძნელბედობის ჟამს", - განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის იმ ახალ შესაძლებლობებზე, რასაც საქართველოს ლიბერალური საინვესტიციო გარემო და სატრანზიტო შესაძლებლობები იძლევა.

"საქართველოს დღეს არა მხოლოდ იღებს იაპონიის მხარდაჭერას და დახმარებას, არამედ მას ლიბერალური ეკონომიკური გარემოთი, საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობებით, დემოკრატიული განვითარებით, თავადაც შეუძლია გახდეს საინტერესო რეგიონში იაპონური ბიზნესისა და იაპონიის ეკონომიკური პროექტებისთვის" , - აღნიშნა მინისტრმა.

მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ინტერნეტ ტექნოლოგიებსა და რობოტიქსის მიმართულებით იაპონიასთან თანამშრომლობის მიმართ არსებულ მზარდ ინტერესს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას მაღალი ტექნოლოგიები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად აქვს გაცხადებული.

აღინიშნა ტურიზმის სფეროში ურთიერთობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.

იაპონური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მინისტრმა ასევ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, ქვეყნის წარმატებაზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან.

ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები