პოლიტიკა

აფხაზეთში ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულის საქმე დახურეს

01.06.17 18:35


აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებამ შეწყვიტა რაშიდ კანჯი–ოღლის სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელსაც ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2016 წლის 19 მაისს ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს სოფელ ხურჩაში, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. ორი დღის შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებული დაასახელა — აფხაზეთის დე–ფაქტო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი რაშიდ კანჯი-ოღლი. მისი გადმოცემის საკითხი საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააყენა.

თავდაპირველად კანჯი–ოღლი შიდასახელმწიფოებრივ ძებნაში იყო გამოცხადებული, მაგრამ ამა წლის მარტში, ქართული მხარის თხოვნით, ის ინტერპოლით ძებნილი გახდა.

ეს და ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე "ბორდერიზაციის" საკითხები განიხილეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ შეხვედრაზე გალში. "ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, რომ "ბორდერიზაციის" პროცესი არამარტო საფრთხეს უქმნის და აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს, არამედ პირდაპირპროპორციულად ზღუდავს ადგილობრივებისთვის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს", – დასძინა ქემოკლიძემ. 2016 წლის დეკემბრის ბოლოს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გალისა და ზუგდიდის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვარზე "ნაბაკევისა" და "ოტობაიას" გამშვები პუნქტების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, გამოცხადდა, რომ მუშაობას განაგრძობს საბერიოს გამშვები პუნქტი და ასევე პუნქტი, რომელიც მხოლოდ ენგურჰესის მომსახურებისთვის გამოიყენება.

მოსკოვის მიერ 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) გამართულ შეხვედრებში ოფიციალური თბილისის, აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლების, გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობენ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები