პოლიტიკა

დავით ზალკალიანი რეზოლუციის შესახებ - დევნილებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათი პრობლემა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან ყოველწლიურად ისმის

02.06.17 16:50


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის შეფასებით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ დევნილების შესახებ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის კიდევ ერთხელ მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, ვინც ამ რეზოლუციას დაუჭირა მხარი, ასევე გაერო-ში საქართველოს საელჩოს და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებს.

"დევნილი მოსახლეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათი უფლებები და მათი პრობლემა ისეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიც არის გაერო-ს გენერალური ასამბლეა, ყოველწლიურად ისმის. 2008 წლიდან ჩვენ გვაქვს მზარდი დინამიკა. თუ 2008 წელს ამ რეზოლუციას მხარს უჭერდა მხოლოდ 14 ქვეყანა, წელს 80-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ეს არის კიდევ ერთი დასაბუთება, რომ საქართველოს აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა", - აღნიშნა ზალკალიანმა.

მისივე ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი 76- დან 80- დე გაიზარდა, ასევე 15-დან 14- მდე შემცირდა მოწინააღმდეგეთა რიცხვი.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ დევნილების შესახებ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიამ კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".

რეზოლუციას მხარი 80-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 61-მა კი თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია. გასულ წელს რეზოლუცია 76-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 15 წინააღმდეგი იყო, ხოლო 64-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა.

ცნობისთვის, გაერო-ს გენერალური ასამბლეა აღნიშნულ რეზოლუციას 2008 წლიდან იღებს, რითიც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები