პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე - გაერო-ს რეზოლუცია მკაფიო გამოხატულებაა, თუ რამდენად აქტიურად დგას საქართველოს პრობლემატიკა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში

02.06.17 22:00


გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია არის მკაფიო გამოხატულება, თუ რამდენად აქტიურად დგას საქართველოს პრობლემატიკა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში, გაერო-ს ფარგლებში და რამდენად მზარდია საქართველოსადმი მხარდაჭერა, - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ დევნილების შესახებ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის კიდევ ერთხელ მიღება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ასევე არის ქართული დიპლომატიის წარმატება.

”ეს არის საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო მხარდაჭერა საქართველოში არსებული პრობლემატკისადმი, საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ნორმებისადმი. ეს არის ძალიან დიდი წარმატება ქართული დიპლომატიის. მე მინდა მადლობა გადავუხადო, როგორც ჩვენს მისიას ნიუ - იორკში, ასევე ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ამ შედეგის მიღწევაში”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ დევნილების შესახებ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიამ კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".

რეზოლუციას 80-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 14-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 61-მა კი თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია. გასულ წელს რეზოლუციას 76-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 15 წინააღმდეგი იყო, ხოლო 64-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა.

ცნობისთვის, გაერო-ს გენერალური ასამბლეა აღნიშნულ რეზოლუციას 2008 წლიდან იღებს, რითიც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები