საზოგადოება

თბილისში ვერტიკალური პარკირების სისტემის პრეზენტაცია გაიმართა

07.06.17 15:40


კონსტრუქცია „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსში გამარჯვებულმა შპს „რევერსმა“ „საპარტნიორო ფონდის“ დაფინანსებითა და „საქართველოს ვაგონმშენებელი კომპანიის“ მხარდაჭერით ააგო.

პროექტს საფუძვლად დაედო ქართული პატენტი, რომლის ავტორები არიან ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი მალხაზ ცისკარიშვილი, ინჟინერი სერგო ჯორბენაძე, ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ანზორ საკანდელიძე და ეკონომისტი ფრიდონ გუნცაძე.

„ასეთი სისტემები ევროპაში გასული საუკუნიდან კეთდება, მაგრამ ჩვენ პატენტი ავიღეთ არა თვითონ ამ იდეაზე, არამედ იმ მოწყობილობების გაუმჯობესებაზე, რომლებიც უკვე გამოიყენება. ჩავდეთ ამაში ქართული ინტელექტი და მივიღეთ პატენტი, ისე რომ გვაქვს ჩვენს მიერ გაუმჯობესებული მოწყობილობის წარმოების უფლება“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს ს“ პროქტის ხელმძღვანელმა მალხაზ ცისკარიშვილმა.

პარკირების ელევატორულ სისტემა წარმოადგენს ლითონის კონსტრუქციას, რომელიც მომხმარებელს ერთი ავტომობილის ადგილზე 4, 6, 8 და 10 ავტომობილის პარკირების შესაძლებლობას აძლევს. მალხაზ ცისკარიშვილის განმარტებით, დამზადებული მოწყობილობა, ეს არის ლითონის დასაშლელი კონსტრუქცია, რომელიც ელევატორული სისტემის საშუალებით, ლიფტის პრინციპით ადის მაღლა და უკან ბრუნდება.

„ავტომობილი თავის განკუთვნილ პლატფორმაზე დგება, მძღოლი გადმოდის მანქანიდან, დააჭერს მართვის პულტზე ღილაკს ხელს და მანქანა ვერტიკალ;ურად მაღლა ადის, ხოლო როდესაც მძღოლს მისი მიღება მოუნდება, ასევე დააჭერს ხელს ღილაკს და ავტომობილი დაბრუნდება“, — აღნიშნა მალხაზ ცისკარიშვილმა.

პროექტის ხელმძღვანელის თქმით, გაუმჯობესებული მოწყობილობა უცხოურთან შედარებით არის უფრო ნაკლები ლითონტევადობის, უფრო ჰაეროვანი კონსტრუქციის, უფრო მარტივად დასამზადებელი ტექნოლოგიური თვალსაზრისით და უფრო საიმედო. „წარმოიდგინეთ, ატრაქციონი „ეშმაკის ბორბალი“, ოღონდ ელიფსურად გაწელილი, რომ რაც შეიძლება ნაკლები ვერტიკალური სივრცე დაიკავოს. ვერტიკალური პარკირების სისტემების დანერგვით მანქანის გასაჩერებელი ფართობის გამოყენების კოეფიციენტს ვზრდით არანაკლებ 6-ჯერ, რაც აუცილებლად მოგვცემს შედეგს საცობების შემცირების თვალსაზრისით“, — მიაჩნია მალხაზ ცისკარიშვილს. „სტარტაპ საქართველომ“ კონკურსში გამარჯვებული პროექტის — „ავტომობილების ვერტიკალური პარკირების სისტემის“ პრეზენტაცია გამართა.

„ვერტიკალური პარკირების“ პროექტი „სტარტაპ საქართველომ“ გამარჯვებულთა შორის სექტემბერში გამოავლინა. პროექტის ჯამური ღირებულება 100 000 ლარია, რომელშიც „სტარტაპ საქართველოს“ ინვესტიცია 90 000 ლარს შეადგენს. „სტარტაპ საქართველო“ საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმის ფარგლებში ხორციელდება. „სტარტაპ საქართველოს“, რომელიც მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება, 79 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 59 ბიზნეს-იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები