საზოგადოება

თბილისში ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

04.05.16 15:35


ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა სამშაბათს, თბილისში, ჭადრაკის სასახლის წინ. ღონისძიება სახელგანთქმული მოჭადრაკის 75 წლის იუბილეს მიეძღვნა.

„ჩემთვის დიდი პატივია ის რაც დღეს ხდება. ვარსკვლავის გახსნა პატარა საქმე არაა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას დღევანდელი დღისათვის. მე ვიყავი და ვიქნები საქართველოს სამსახურში“, — უთხრა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს.


ლეგენდარული სპორტსმენისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო.

„ნონა გაფრინდაშვილი ყველა ქართველისთვის და მსოფლიოში უამრავი ადამიანისთვის არის ორი რამის სიმბოლო — ეს არის ინტელექტის და მებრძოლი სულის გამარჯვება. ჩემთვის და ყველა ქართველისთვის ეს ადამიანი არის უაღრესად სათაყვანებელი" — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ნონა გაფრინდაშვილი — დიდოსტატი (1978). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978). 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი. ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი 1989-1996 წლებში, 1996 წლიდან მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-02). თავისი თაობის მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ქალი.

1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.

გასულ წელს გიორგი მარგველაშვილმა ნონა გაფრინდაშვილი „ბრწყინვალების ორდენით“ დააჯილდოვა.

წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები