ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი აზიის ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოვა

16.06.17 15:15


საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრო ქუმსიშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ყოველწლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სამხრეთ კორეაში 16-17 ივნისს გაიმართება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2016-2017 წლებში ბანკის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის პოზიციას იკავებს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტ ძინ ლიცუნთან (Jin Liqun) და ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან.

ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი ხელს მოაწერს შეთანხმებას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან 114 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფაზე ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის თანადაფინანსების მიზნით. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი აზიის განვითარების ბანკთან ერთად აღნიშნულ პროექტს აფინანსებს. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი — საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა არის საქართველო.

ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და სხვა წარმოების სექტორში ინვესტირების გზით და სხვადასხვა მრავალმხრივ და ორმხრივ განვითარების ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა. კერძოდ, AIIB აზიაში გზების, რკინიგზების, აეროპორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის დაფინანსებითაა დაკავებული. ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა.

ბანკის შტაბ-ბინა პეკინში მდებარეობს. მისი საწესდებო კაპიტალი 100 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები