თარიღები, ფაქტები და მოვლენები

09.05.16 15:55


ძვ. წ. II ათასწლეულის შუახანები

- ძვ. წ. III ს. პირველი ნახევარი
აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორია ძველი კოლხეთის (ეგრისის) სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა, რომლის დედაქალაქი აია (ქუთაისი) იყო. კოლხეთის სამეფოს აიეტიანთა დინასტია მართავდა.

ძვ.წ. VI საუკუნე
დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, შავიზღვისპირეთის აფხაზეთის მონაკვეთზე ძველი ბერძნული სავაჭრო ფაქტორიები - დიოსკურია (სოხუმი) და გიენოსი (ოჩამჩირე) დაარსდა.


ძვ.წ. VI-IV საუკუნეები
აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიაზე განსახლებული იყო კოლხთა ქართული ტომი და ცალკეული კოლხური თემები: კორაქსები, კოლები, ჰენიოხები.
ძვ.წ. IV - III საუკუნეების მიჯნა
თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია შედიოდა გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს - ქართლის (იბერიის) სამეფოს შემადგენლობაში.

ძვ.წ. II-I საუკუნეები
დასავლეთ საქართველო (კოლხეთი) აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიის ჩათვლით, პონტოს სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა.

ძვ.წ. I -ახ.წ. I საუკუნეების მიჯნა
ძველი ბერძენი ისტორიკოსის, სტრაბონის მიხედვით, დიოსკურიის შემოგარენი დასახლებულია სვანთა ქართული ტომით.

ახ. წ. I ს. 30-50-იანი წლები
უფლის ნებით, ღმრთისმშობელმა თავის წილხვდომილ ივერიაში მიავლინა ქრისტეს მოციქულები ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი, რომლებმაც სამხრეთ და დასავლეთ საქართველში, მათ შორის აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიაზე ქრისტიანობა იქადაგეს. სვიმონ კანანელი დასაფლავებულია დღევანდელ ახალ ათონში.

I საუკუნე
პლინიუს უფროსის მიხედვით, აფსილთა ქართველური თემი დასახლებულია თანამედროვე ოჩამჩირის რაიონის ტერიტორიაზე, ხოლო აბზოას // აფსუას (თანამედროვე აფხაზთა წინაპრების) ტომი - კასპიის ზღვის ჩრდილოეთით.

II საუკუნე
ფლავიუს არიანესთან და V საუკუნის ანონიმ ავტორთან დასახელებულია ქართული ქალაქი ,,ძველი ლაზიკე". იგი რუსეთის თანამედროვე ქალაქ ტუაფსეს ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა, რაც ადასტურებს ,,ქართლის ცხოვრების" ცნობას (ლეონტი მროველი) იმის შესახებ, რომ ქართველებს მდინარე ყუბანამდე ეკავათ ტერიტორია, ,,სადა წარსწუთების წუერი კავკასისა".

III-IV საუკუნეები
წარმოიშვა ეგრისის (ლაზიკის) სამეფო, რომელიც თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. ძველი ბერძნები ეგრისის სამეფოს ლაზიკეს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა ეგრისს უწოდებდა.

325 წელი
ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებას დაესწრო. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ბიჭვინთა პირველი საუკუნეებიდანვე ქრისტიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა.

VI საუკუნე
ბიზანტიელი ისტორიკოსები პროკოპი კესარიელი და აგათია სქოლასტიკოსი აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიაზე - კოდორის ხეობაში მისიმიანთა (სვანთა) ქართველურ ტომს ასახელებენ.

VII საუკუნე
ბიზანტიურ წყაროებში აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიაზე დასახელებულია ქართველური ტოპონიმები თუსუმე, მოქვი, ჯიხახორა, ფუსტას ციხე, სვანიდის ციხე, სხემარის ციხე, მუკორისი და ა.შ., რაც მიუთითებს, რომ აქ ადგილობრივი მოსახლეობა ქართულ ენოვანი იყო.

VIII საუკუნის დასაწყისი
,,ქართლის ცხოვრების" ერთ-ერთი ავტორი ჯუანშერი ძველ ქალაქ დიოსკურიას // სებასტოპოლისს (სოხუმი) იხსენიებს ძველი ქართული სახელით - ,,ცხუმი", რაც ერთ-ერთ ქართველურ ენა-კავზე ,,რცხილნარს" ნიშნავს. ამ სახელს ქალაქი XIX საუკუნემდე ატარებდა, თუმცა XIV საუკუნიდან უცხოური ისტორიული წყაროები ,,ცხუმის" პარალელურად გამოიყენებდნენ მის არაბიზირებულ და თურქიზებულ ფორმას - სოხუმი (ცხუმი-სუხუმი-სოხუმი). თანამედროვე აფხაზები სოხუმს ,,აყვას" უწოდებენ. იტალიელი კარტოგრაფის ჯაკოპო გასტალდის რუკაზე ეს სახელწოდება პირველად დაფიქსირებულია 1561 წელს მდ. ყუბანის შუა წელზე, საიდანაც იგი თანამედროვე აფხაზების წინაპრებმა XVII საუკუნეში ჩამოიტანეს და ისტორიულ ქალაქ ცხუმს უწოდეს.

978-1014 წლები
978 წელს ,,აფხაზთა" მეფის (დასავლეთ საქართველოს მეფის ტიტული) გიორგი II-ის შვილიშვილი ბაგრატ III ბაგრატიონი ქუთაისში ,,აფხაზთა" მეფედ ეკურთხა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს აღდგენის პროცესს.

988-999 წლები
გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-მ ააგო ბედიის ტაძარი და სამეფო საძვალედ გადააქცია. 1014 წელს ბაგრატ III ანდერძის თანახმად აქ დაასაფლავეს. ბედიის ტაძარზე შემორჩენილია მრავალი ქართული ლაპიდარული და ფრესკული წარწერა, რომელთა ნაწილი 1993 წლიდან რუსული ოკუპაციის პირობებში განადგურდა.

1121 წელი
აფხაზები, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული კუთხის ღვიძლი შვილები, მონაწილეობდნენ თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ გამართულ დიდგორის ბრძოლაში, რომელიც საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელმა ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულა.

1195 - 1203 წლები
აფხაზები მონაწილეობდნენ თამარ მეფის მიერ წარმოებულ თითქმის ყველა ბრძოლაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი ღვაწლი შამქორისა და ბასიანის ბრძოლებში.

1203-1204 წლები
აფხაზები მონაწილეობდნენ თამარ მეფის დროს შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე საქართველოს სამეფოს მიერ წარმოებულ ლაშქრობაში რიზეს, ტრაპიზონის, ჰერაკლეას, ლიმნიის და სხვა ქალაქების ასაღებად.

1213-1223 წლები
აფხაზები მონაწილეობდნენ ლაშა-გიორგის (1213-1223 წწ.) სარდლობით თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე განძის // განჯის აღებაში.

1225 წელი
აფხაზები საქართველოს ჯარის შემადგენლობაში სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად იბრძოდნენ ხვარაზმელი დამპყრობლის ჯალალ-ედ-დინის წინააღმდეგ.
XIII საუკუნის I მესამედი
შუა საუკუნეების საქართველოს გამოჩენილ სარდალთა ივანე და შალვა ახალციხელების გვერდით ძველი ქართული ისტორიოგრაფია ასახელებს ქართული ჯარების კიდევ ერთ სახელოვან სარდალს - დარდინ შარვაშიძეს, რომელიც აფხაზეთის საერისთავო სახლის წარმომადგენელი იყო.

1246 წელი
აფხაზები სხვა ქართველებთან ერთად მონაწილეობდნენ მონღოლთა წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულებაში კოხტასთავზე.

1330 წელი
სოხუმის კათოლიკე ეპისკოპოსი პეტრუს გერალდი კენტერბერის არქიეპისკოპოსისა და ინგლისის სხვა საეკლესიო იერარქების სახელზე გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ სოხუმი მდებარეობს ქვემო საქართველოში, არის სამეგრელოს მთავრის გამგებლობაში და იქ მოსახლეობის ძირითად ნაწილს ქართველები შეადგენდნენ.

XVI საუკუნის შუახანები
მთიელთა მუდმივი თავდასხმებისა და ჩამოსახლების შედეგად აფხაზეთის კათოლიკოსის რეზიდენცია უსაფრთხოების მიზნით ბიჭვინთიდან გელათში გადაიტანეს.

XVII საუკუნე, 20-იანი წლების დასაწყისი
სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა (1611-1657 წწ.) აფხაზეთის საერისთავო კვლავ დაიმორჩილა; მანვე თავისი მთავრობის წლებში ახლად ჩამოსახლებული 40 000 წარმართი აფსუა-აფხაზი მონათლა.

1640 წ. 2-10 თებერვალი
სამეგრელოში ჩამოსულმა რუსმა ელჩებმა ფედოტ ელჩინმა და პავლე ზახარიევმა დაათვალიერეს ეკლესიები ფუწყურში (დღევანდელი გალის რაიონი), ღალიძგაში, მერკულაში, დრანდაში, მოქვში, ილორსა და ბედიაში. მათი ცნობით, აღნიშნული ტაძრები ამ დროს სამეგრელოს სამთავროში შედიოდა და ამ რეგიონს ოდიშის მთავარი განაგებდა. ამრიგად, აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიის დიდ ნაწილს - თანამედროვე გალის, ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებს რუსეთი პირველად ოფიციალურად გაეცნო, როგორც ქართველების კუთვნილ ტერიტორიას, სადაც თანამედროვე აფხაზები (აფსუები) ჯერ არ ცხოვრობდნენ.

1678 წელი
აფხაზეთის საერისთავოში ჩამოსახლებულმა მთის ტომებმა (აფსუები) სამეგრელოში მოქვის ტაძარი და მისი შემოგარენი (დადიანისა და ეპისკოპოსის სასახლეები) დაარბიეს.

1757 წელი
იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ოდიშ-აფხაზთა და ქართლ-კახეთის გაერთიანებულ ლაშქართან ერთად ხრესილთან ბრძოლაში (ამჟ. ტყიბულის რაიონი) სასტიკად დაამარცხა ქვეყანაში შემოჭრილი ოსმალთა ლაშქარი.

1834 წლის დასაწყისი
ქრისტიანობის აღდგენის მიზნით, აფხაზეთში პირველი ქართული სასულიერო მისია ჩავიდა არქიმანდრიტ ანტონ დადიანის ხელმძღვანელობით. ეს იყო ოდესღაც ქრისტეს მოყვარე, მაგრამ XVI-XVII საუკუნეებში მთიელთა ჩამოსახლების შედეგად გაწარმართებული ქართული მხარის ხელმეორე მოქცევა ქრისტეს რჯულზე.

1851 წელი
ქართველმა საეკლესიო მოღვაწეებმა - ალექსანდრე ოქროპირიძემ და დავით მაჭავარიანმა პირველად დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ოქუმისა და ილორის სკოლები დააარსეს.

1866 წლის 16 აპრილი
რუსეთში იძულებით გადასახლებული აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი მიხეილ შარვაშიძე ვორონეჟში გარდაიცვალა, დაკრძალულია მოქვის საკათედრო ტაძარში და მის საფლავს ქართული ლაპიდარული წარწერა ამშვენებს.

1866 წლის ივლისი - აგვისტო
სამთავროს გაუქმებითა და რუსული მმართველობის შემოღებით უკმაყოფილო აფხაზები აჯანყდნენ, მაგრამ რუსეთმა სასტიკად ჩაახშო იგი.

1877-1878 წლები
რუსეთ-თურქეთის ომის მიმდინარეობის დროს აფხაზები აჯანყდნენ რუსეთის წინააღმდეგ, რასაც აფხაზთა იძულებითი მასობრივი გადასახლება მოჰყვა.ეს ტრაგიკული მოვლენა მუჰაჯირობის სახელით შევიდა ისტორიაში.

1892 წელი
სოხუმის მთიელთა სკოლის ზედამხედველმა ქართველმა კონსტანტინე მაჭავარიანმა და გორის საოსტატო სემინარიის მოსწავლემ, აფხაზმა დიმიტრი გულიამ რუსული გრაფიკის საფუძველზე მოამზადეს და გამოსცეს აფხაზური ,,საანბანო წიგნი"-ს ახალი რედაქცია, რითაც მყარი საფუძველი ჩაეყარა აფხაზური დამწერლობისა და ლიტერატურის შექმნას.

1903 წლის მაისი
საქართველოს ,,უგვირგვინო მეფე" ილია ჭავჭავაძე სტუმრად იმყოფებოდა გაგრასა და სოხუმში.

1907 წლის 27 აპრილი
1905-1907 წლებში მიმდინარე რუსეთის რევოლუციის პერიოდში თვითმპყრობელური რეჟიმის მხარდაჭერისთვის რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზებს ,,დამნაშავე ერის" სტატუსი მოუხსნა.

1912 წელი
თბილისში აფხაზურ ენაზე გამოიცა დიმიტრი გულიას ლექსების კრებული, რითაც საფუძველი ჩაეყარა აფხაზურ ლიტერატურას.

1918 წლის ივნის-ივლისი
აფხაზთა სახალხო საბჭოს თხოვნით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარები აფხაზეთში შევიდნენ და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სარდლობით აფხაზეთი, ასევე შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქები სოჭი და ტუაფსე ბოლშევიკებისაგან გაათავისუფლეს.

1918 წლის 20 სექტემბერი
სოჭის მოსახლეობის საერთო კრებამ მიიღო რეზოლუცია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ქალაქის მიერთების შესახებ.

1919 წლის 13 თებერვალი
ჩატარდა აფხაზეთის ისტორიაში პირველი მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნები, რომლის საფუძველზე არჩეული იქნა აფხაზეთის სახალხო საბჭო.

1919 წლის 27 თებერვალი
აფხაზი ერის ისტორიაში პირველად გამოიცა აფხაზურ ენოვანი გაზეთი ,,აფსნი", რომლის აფხაზური შრიფტი თბილისში დამზადდა. გაზეთის პირველი რედაქტორი დიმიტრი გულია იყო.

1919 წლის 13 მაისი
აფხაზეთის სახალხო საბჭომ დაამტკიცა კომისარიატი (მთავრობა) დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის თავმჯდომარეობით; აფხაზთა სახალხო საბჭოს ეწოდა აფხაზეთის სახალხო საბჭო, სოხუმის ოლქს - აფხაზეთი, უბნებს - მაზრები.

1919 წლის 7 ოქტომბერი
აფხაზეთის საგანგებო საეკლესიო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიასთან გაერთიანების შესახებ; სოხუმის ეპარქიას ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია ეწოდა; ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმთავრად კრებამ გამოჩენილი სასულიერო მოღვაწე, აფხაზეთის (სოფ. ილორის) მკვიდრი მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია) აირჩია. 1921 წლის სექტემბერში იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.

1921 წლის 21 თებერვალი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის დებულებაც დაამტკიცა, რომელიც მკაფიოდ მიჯნავდა უფლებამოსილებას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აფხაზეთის ავტონომიურ მმართველობას შორის.

1921 წლის 16-25 თებერვალი
საქართველოში შემოიჭრნენ ბოლშევიკური რუსეთის მე-9 და მე-11 არმიის ნაწილები, რომელთაც განახორციელეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აფხაზეთის ჩათვლით გავრცელდა საბჭოთა ბოლშევიკური ხელისუფლება. საქართველო რუსეთის ბოლშევიკური იმპერიის ნაწილი გახდა.

1921-1991 წლები
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხანა, როდესაც ქვეყანა დაპყრობილი იყო საბჭოთა რუსეთის მიერ. საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, ბოლშევიკური მოსკოვის მხრიდან განხორციელდა დემოგრაფიული და ტერიტორიული ცვლილებები, რომლის შედეგად რუსეთის საბჭოთა სოციალისტურმა ფედერაციულმა რესპუბლიკამ მიითვისა ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი.

1937 წლის მაისი
კრემლის დირექტივებით საბჭოთა კავშირის მასშტაბით განხორციელდა ,,მცირე ერების" დამწერლობათა შესაბამისი მოკავშირე რესპუბლიკების სახელმწიფო ენების გრაფიკაზე გადაყვანა. საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის ორგანიზაციის XV კონფერენციამ მიიღო გადაწყვეტილება ლათინური შრიფტის საფუძველზე არსებული აფხაზური დამწერლობის ქართულ გრაფიკაზე გადაყვანის შესახებ.

1954 წლის მარტი - აპრილი
განხორციელდა აფხაზური დამწერლობის ქართული გრაფიკიდან რუსულ-სლავურ ,,კირილიცაზე" გადაყვანა.

1957 წლის 11-13 აპრილი
რუსულმა სპეცსამსახურებმა პირველად მოაწყვეს სეპარატისტულად განწყობილ აფხაზთა ღია გამოსვლები საქართველოს წინააღმდეგ.

1967 წლის 7-9 აპრილი
რუსულმა სპეცსამსახურებმა მოაწყვეს აფხაზთა მორიგი ღია სეპარატისტული გამოსვლები აფხაზეთის ასსრ-ს საქართველოსაგან ჩამოცილებისა და რუსეთის სფსრ-ს შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით შეყვანის მოთხოვნით.

1989 წლის 18 მარტი
ლიხნის (გუდაუთის რაიონი) სეპარატისტულ თავყრილობაზე აფხაზთა ერთმა ნაწილმა, კრემლის დაკვეთით, მიიღო ე.წ. ,,ლიხნის დეკლარაცია", რომელიც მოითხოვდა საქართველოდან გამოყოფას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოკავშირე რესპუბლიკად გამოცხადებას.

1989 წლის 9 აპრილი
საბჭოთა კავშირის მთავრობამ, თბილისის (1956 წ.), ბუდაპეშტის (1957 წ.), პრაღის (1968 წ.) აქციების მსგავსად თბილისშიც გაუგონარი სისასტიკით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო მრავალათასიანი მიტინგი, რომლის მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.9 აპრილის დარბევას დიდი მსხვერპლი და მთელ საბჭოთა იმპერიაში პოლიტიკური ვითარების შეცვლა მოჰყვა.საქართველო და სხვა რესპუბლიკები საბოლოოდ დაადგნენ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გზას.

1991 წლის 31 მარტი
ჩატარდა რეფერენდუმი. სეპარატისტული ძალების ბოიკოტის მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას ხმა მისცა აფხაზეთის მოსახლეობის 60%-მა.

1991 წლის 9 აპრილი
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.

1991 წლის 8 დეკემბერი
რუსეთმა, უკრაინამ და ბელორუსიამ ხელი მოაწერეს საბჭოთა კავშირის დაშლას (ბელოვეჟის შეთანხმება). რუსეთის იმპერიის რეანიმაციის მცდელობად განიხილებოდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანება და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნა, რომლის შემადგენლობაში შესვლაზე საქართველომ იმთავითვე უარი განაცხადა.

1992 წლის 6 იანვარი
საქართველოში რუსეთის მხარდაჭერით განხორციელდა პირველი მრავალპარტიული არჩევნების საფუძველზე არჩეული ეროვნული ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა, რაც გადაიზარდა მწვავე სამოქალაქო დაპირისპირებაში.

1992 წლის 14 აგვისტო-1993 წლის 30 სექტემბერი
მიმდინარეობდა რუსეთ - საქართველოს ომი ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) ტერიტორიაზე, რომელშიც კრემლი მიზნად ისახავდა აფხაზეთის ჩამოცილებას საქართველოსგან და მის დაბრუნებას რუსეთის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური გავლენის ქვეშ.

1992 წლის 29 აგვისტო
სოჭში საქართველოს მთავრობასა და აფხაზ სეპარატისტებს შორის მოლაპარაკებების შედეგად გაფორმდა ოქმი ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ. რუსეთის ფედერაციამ დაადასტურა მზადყოფნა, შეასრულოს შუამავლის მისია კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში.

1993 წლის 14 მაისი
მოსკოვში ედუარდ შევარდნაძემ და ბორის ელცინმა მიაღწიეს შეთანხმებას ცეცხლის განუახლებლობის შესახებ, რომელიც იმავე წლის 2 ივლისს ტამიშზე, 5-6 ივლისს გუმისთაზე და 7-9 ივლისს შრომა-კამანის მიმართულებით თავდასხმის შედეგად დაარღვიეს სეპარატისტთა უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა და რუსეთის რეგულარულმა არმიამ.

1993 წლის 16 -30 სექტემბერი
რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებმა, აფხაზურმა სეპარატისტულმა ქვედანაყოფებმა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისაგან შემდგარმა უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა უხეშად დაარღვიეს სოჭის 1993 წლის 27 ივლისის შეთანხმება და ფაქტობრივად განიარაღებულ სოხუმზე შეტევა განახორციელეს. 27 სექტემბერს, ორკვირიანი შტურმის შემდეგ, სოხუმი დაეცა. სეპარატისტები და მათი მოკავშირეები 30 სექტემბრისთვის მდ. ენგურზე გავიდნენ. ამით მოწინააღმდეგემ დაასრულა აფხაზეთის ტერიტორიის ძირითადი ნაწილის ოკუპაცია, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის (უპირატესად ქართველების) მასობრივი განადგურება და ეთნიკური წმენდა მოჰყვა.

2008 წლის 29 მაისი
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა აფხაზეთში ეთნოწმენდის ფაქტი.

2008 წლის 7-12 აგვისტო
საქართველოს წინააღმდეგ ახალი ღია რუსული აგრესიის დასაწყისი. დაიბომბა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი: თბილისი, კახეთი, ქართლი, სამეგრელო... რუსულმა ჯარებმა მოახდინეს მთელი აფხაზეთის, მათ შორის კოდორის ხეობის და ასევე ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება ღიად ცდილობდა საქართველოს სახელმწიფოს დედაქალაქის თბილისის აღებას და ქვეყნის პრეზიდენტს ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდა.

2008 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისში პარლამენტის შენობის წინ გაიმართა საქართველოსადმი სოლიდარობის მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი, ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ილვესი, ლატვიის პრემიერ-მინისტრი ივარ გოდმანისი. პარალელურ რეჟიმში საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან ერთად მუშაობდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტზე, რომელიც ითვალისწინებდა რუსული ჯარების 2008 წლის 6 აგვისტოს საწყის პოზიციებზე დაბრუნებას.

2008 წლის 15 აგვისტო
საქართველოს სახელმწიფოს სოლიდარობა გამოუცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის საგანგებო დავალებით თბილისში ჩამოვიდა.

2008 წლის 15 აგვისტო
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქ. სოჭში რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

2008 წლის 26 აგვისტო
რუსეთის ფედერაციამ აღიარა საქართველოს ისტორიული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (ე.წ. სამხრეთ ოსეთის) დამოუკიდებლობა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას.

2008 წლის 3 სექტემბერი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ.

2008 წლის 12 ოქტომბერი
ევროსაბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და მოითხოვა მისგან კონფლიქტური რეგიონების აღიარების გაუქმება.
2008 წლის 23 ოქტომბერი
საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი (ე.წ. სამხრეთ ოსეთი) ოფიციალურად გამოცხადდა ოკუპირებულ ტერიტორიებად.

2009 წლის 29 იანვარი
ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული რუსეთის ფედერაცია 2008 წლის 12 ოქტომბრის ევროსაბჭოს დეკლარაციის ძირითადი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.

2009 წლის 22-23 ივლისი
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტი საქართველოში. პარლამენტში გამოსვლისას მან დაგმო რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ და მოითხოვა საოკუპაციო ჯარების გაყვანა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.

2010 წლის 16 ნოემბერი
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (ნატო) საპარლამენტო ასამბლეის ვარშავის სესიამ მიიღო რეზოლუცია ,,საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ". აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად იქნა აღიარებული.

2011 წლის 9 ნოემბერი
მოსკოვსა და თბილისს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ კრემლმა ფაქტობრივად აღიარა საქართველოს ლეგიტიმური სახელმწიფო საზღვრები.

2012 წლის 6 ივლისი
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ თავის რეზოლუციაში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია აღიარა.

2013 წლის 23 იანვარი
ევროსაბჭომ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები