საზოგადოება

საქართველოს ბიზნესასოციაცია - საკარანტინო ზონებში ბრენდული ნავთობკომპანიების ყველა გასამართი სადგური შეუფერხებლად მუშაობს

30.03.20 13:00


მარნეულსა და ბოლნისში მდებარე ბრენდული კომპანიების გასამართი ყველა სადგური მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში აგრძელებს მომხმარებელთა, როგორც ადგილობრივ მცხოვრებთა, ისე სხვადასხვა სპეციალური დავალებებით ადგილზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა საწვავით უზრუნველყოფას, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელმა, შავლეგ მიშველაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ადგილზეა გასამართი სადგურების ყველა თანამშრომელი. აღნიშნულ ორ რაიონში, ხუთი ბრენდული კომპანიის 16 გასამართი სადგური ფუნქციონირებს. ჯამში, 140-მდე დასაქმებული ადამიანით. სამუშაო პროცესი მიმდინარეობს ცვლებად, შესაბამისი გრაფიკის თანახმად და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.

საკარანტინო რეჟიმის შემოღებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა თითოეული ბრენდული ნავთობკომპანიის დღის წესრიგში. საწვავით მომარაგება ხორციელდება შესაბამის სამსახურებთან სრული კოორდინაციით. ნავთობპროდუქტების გადამზიდავი ტრანსპორტის პერსონალი ასევე ეკიპირებულია უსაფრთხოების პირობების მოთხოვნათა შესაბამისად.

„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად საკარანტინო პირობებისა, რა თქმა უნდა, განსაზღვრული წესების სრულად დაცვით, ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების შესაძლებლობა, ამ გადასახედიდანაც ძალზე მნიშვნელოვანია ბრენდული გასამართი სადგურების მზაობა უზრუნველყონ მომხმარებლები ნებისმიერი ტიპის საწვავით შეფერხების გარეშე“, – განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები