პოლიტიკა

გიორგი გახარია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

06.07.20 13:20


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეების შეფასებით, პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში განხორციელებული პირველი მაღალი დონის ვიზიტი მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, თუ რაოდენ მჭიდროა საქართველოსა და უნგრეთის პარტნიორული ურთიერთობები.

„შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, სამომავლო პერსპექტივები.

ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე.

პიტერ სიიარტომ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს და აღნიშნა, რომ ქვეყანა არის ლიდერი, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის, ისე ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მისივე თქმით, საქართველო თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორი ალიანსი შეიძლება ჰქონდეს ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას, საუბარი შეეხო ქვეყნების წარმატებას „კოვიდ-19“-თთან ბრძოლაში.

უნგრულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები ამ მიმართულებით და ხაზგასასმელია როგორც ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ისე მოქალაქეების ძალისხმევა.

„აგრეთვე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს-გარემოსა და უნგრული კომპანიების სურვილზე – საქართველოში ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით. მათ, შორის, ხაზი გაესვა ქვეყანაში უნგრული კომპანია – „ვიზეარის“ წარმატებულ ოპერირებას. საუბარი შეეხო, შესაძლებლობისთანავე, ქვეყნებს შორის ტურიზმის გააქტიურების მნიშვნელობას და ითქვა, რომ საერთაშორისო მგზავრობის პირობების შემსუბუქება განხორციელდება ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და ფრთხილად, რათა საფრთხე არ შეექმნას მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ დაზიანდეს ის შედეგები, რაც მიღწეულია. პიტერ სიიარტომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა უნგრეთის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები