პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე - ეს ადამიანები არიან პოლიტიკური თაღლითები, პოლიტიკური მატყუარები

06.07.20 17:00


თუ პოლიტიკურ პარტიას არ შეგწევს უნარი, აიღო პასუხისმგებლობა და მემორანდუმში შეხვიდე ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიასთან და თქვა, რომ შენ გაქვს შენი პარტიის გაკონტროლების რესურსი, მაშინ გამოდის, რომ ასეთ პოლიტიკურ პარტიას არანაირი რესურსი არ აქვს იმისა, რომ ამომრჩეველს რაიმე სიახლე შესთავაზოს,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მემორანდუმის შესახებ ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე ოპოზიციის გამოხმაურებაზე საუბრისას განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის შემოთავაზებას რადიუსის დაცვასთან დაკავშირებით, საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა არ ეყოფოდა.

„საარჩევნო უბნებთან 25- მეტრიანი რადიუსის დაცვა იყო საარჩევნო სარეფორმო ჯგუფში მსჯელობის საგანი. დაისვა სხვადასხვა ვერსიები, თუმცა საბოლოოდ ის, რაც შესაძლებელია ყოფილიყო აღსრულებადი, ჩვენ გავითვალისწინეთ. ნებისმიერი ჩანაწერი უნდა ექვემდებარებოდეს აღსრულებას. მაშინ, როდესაც არ ყოფნის საკმარისი რაოდენობა საპატრულო ეკიპაჟების იმ შემოთავაზებას, რა შემოთავაზებაც იყო ოპოზიციის მხრიდან, ეს იქნებოდა უბრალოდ ჩანაწერი, რომელიც აღსრულებას ვერ დაექვემდებარებოდა ობიექტური მიზეზების გამო. ეს ძალიან კარგად იციან იმ ოპოზიციურმა ჯგუფებმა, ვინც ამ თემაზე აპელირებენ, თუმცა რაღაც ფონის შექმნა სურთ ამასთან დაკავშირებით. თუ პოლიტიკურ პარტიას არ შეგწევს უნარი, აიღო პასუხისმგებლობა და მემორანდუმში შეხვიდე ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიასთან, და თქვა, რომ შენ გაქვს შენი პარტიის გაკონტროლების რესურსი, მაშინ გამოდის, რომ ასეთ პოლიტიკურ პარტიას არანაირი რესურსი არ აქვს იმისა, რომ ამომრჩეველს რაიმე სიახლე შესთავაზოს.

„ქართული ოცნება” გამოდის ინიციატივით, რომ შევთანხმდეთ პოლიტიკურად და ავიღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობის ფონზე შეგვიძლია ამ საკითხზე შეთანხმება და მემორანდუმის გაფორმება. ჩვენ გვსურდა და ვემხრობით დამოკიდებულებას, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს შეზღუდვა ამ რადიუსის ფარგლებში, თუმცა ერთია სურვილი და კანონში ჩაწერა და მეორეა მისი კანონში აღსრულებადობა”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ საარჩევნო კოდექსში არ არის დარეგულირებული ამომრჩევლზე ზეწოლისა და მოსყიდვის საკითხები, ოხანაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები არასერიოზულია.

„არასერიოზულია ასეთი განცხადება მაშინ, როდესაც ჩვენ ამომრჩევლის მოსყიდვასთან მომართებაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გავაფართოვეთ. თუ ვინმეს მართლა უნდა, რომ სერიოზულად აღიქვას ბატონი გოცირიძის პოზიცია, რომ თვალებში ყურებით ვინმემ შეიძლება ვინმე დააშინოს და ასეთ არასერიოზულობამდე თუ დავდივართ, მაშინ შეიძლება ეს საკითხი საზოგადოებას მივანიჭოთ განსჯისთვის. ოპოზიციის ეს ჯგუფები ერთი მხრივ საუბრობენ, რომ თითქოს რაღაც არ არის დარეგულირებული და საქმე საქმეზე რომ მიდგება, ან საკონსტიტუციო ცვლილებებს არ უჭერენ მხარს, ან საარჩევნო კანონდებლობაში ცვლილებებს არ უჭერენ მხარს და რეალურად უარზე არიან ასეთი მემორანდუმის გაფორმებაზე. გამოდის, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტიკური თაღლითები, პოლიტიკური მატყუარები”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმისათვის, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე არ იყოს სპეკულაციების საშუალება, მმართველი პარტია ოპოზიციას სთავაზობს გაფორმდეს მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც პოლიტიკური პარტიები აიღებენ რადიუსის დაცვის ვალდებულებას და საარჩევნო უბნებთან აქტივისტები არ ეყოლებათ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები