პოლიტიკა

დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა

03.03.21 17:30


საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერმა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრა გამართა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ასევე რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები, საფრთხეები და პერსპექტივები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას ძირითადი ფოკუსით არსებულ ეკონომიკურ პროექტებზე, რაც უზრუნველყოფს რეგიონის სტაბილურ განვითარებას და სტრატეგიულ მნიშვნელობას სძენს ჩვენს რეგიონს.

 

,,საქართველოს ვიცე-პრემიერმა მადლიერება გამოხატა თურქეთის ურყევი პოზიციისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე თურქეთის მტკიცე მხარდაჭერის გამო საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით. მხარეებმა განიხილეს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ პანდემიის გამო გადადებული საბჭო გაიმართება უახლოეს პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ორი ქვეყნის უწყებების უფრო აქტიურ თანამშრომლობას.

 

ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის განვითარებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. დეტალურად იქნა განხილული სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ძალისხმევა უნდა წარიმართოს თურქულ ბაზარზე საქართველოს ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებზე.

 

მხარეები მიესალმნენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფართოების ფარგლებში ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციისა და თურქეთს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს. აღნიშნული შეთანხმება დამატებით შესაძლებლობას გაუხსნის თურქეთისა და საქართველოს ბიზნესებს, რათა გაზარდონ ერთობლივი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე.

 

აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტების მნიშვნელობა. ითქვა, რომ სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების რეალიზაცია, ხელს შეუწყობს ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და უზრუნველყოფს ენერგომატარებლების დამატებითი მოცულობების მიწოდებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ბაზარზე.

 

მრავალმხრივ ჭრილში მხარეები მიესალმნენ რეგიონში არსებულ სამმხრივ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ფორმატს, რომელსაც გააჩნია განვითარების პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ფორმატის გაღრმავებას რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების კუთხით.

 

განხილულ იქნა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები. ხაზი გაესვა მშვიდობიანი განვითარების ცალსახა მხარდაჭერას და ამ მხრივ კმაყოფილება გამოიხატა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით.

საუბარი შეეხო ახალ რეგიონალურ ინიციატივებს და აღნიშნა რომ ნებისმიერი ხასიათის ინიციატივა უნდა ეფუძნებოდეს და მათი იმპლემენტაცია შესაძლებელია მხოლოდ მონაწილეთა მხრიდან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის, რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერის პირობებში.

 

ამას გარდა, მინისტრმა ზალკალიანმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები ღია უნდა იყვნენ თანამშრომლობის ინიციატივებში ევროპიდან და აზიიდან პარტნიორების ჩართვაზე, ხოლო თავად მსგავსი თანამშრომლობა ფოკუსირებულ უნდა იქნეს ეკონომიკურ პროექტებზე, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნების მდგრად განვითარებას, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნების ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები