პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი - არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე, იმედი მაქვს, გამოსვლის შემდეგ ნიკა მელია ძალიან მკვეთრ გადაწყვეტილებებს მიიღებს

04.03.21 15:20


ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

 

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლება ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილს მოუწევს უახლოეს პერიოდში ნიკა მელიას გათავისუფლება, ისევე როგორც რამდენიმე პოლიტპატიმრის, რადგან თუ ამას არ იზამს, ზუსტად ვიცი, რომ მას წინ დაუდეს სანქციების პირდაპირი მუქარა. მისი ქონების უმეტესი ნაწილი იქნება პრაქტიკულად გაყინული და ჩამორთმეული, მის მიმართ მიღებული იქნება სხვა ზომები. ამიტომ უახლოესი კვირეების, დღეების განმავლობაში, ველოდებით ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლებას ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე.

 

ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, რომელსაც თავს გვახვევს ივანიშვილი, პლებისციტის თემა არის ის თემა, რომ მას უნდა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, სადაც ის დახარჯავს ბევრ ფულს, ბევრს მოისყიდის, ჩაატაროს პლებისციტი, რომც წააგოს ეს პლებისციტი, მერე ექნება კიდევ რამდენიმე თვე და ის აუცილებლად წააგებს პლებისციტს, რათა მოისყიდოს, დააშინოს, დაიჭიროს და ქვეყნიდან გაყაროს ასობით ათასი ადამიანი, აქტიური ამომრჩეველი. ამასობაში ქვეყანა კარგავს კიდევ ერთ წელიწადს და ჩვენ არ გვაქვს არც ერთი დღე დასაკარგი. ძალიან მძიმე სიტუაცია, უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაში ვიმყოფებით, ქვეყანა არის შიმშილის პირობებში. კოვიდზე კატასტროფა მოუვიდათ, ლამის ბოლო ქვეყანა დავრჩით, სადაც ვაქცინა არ არის შემოტანილი. ამ სიტუაციაში დროის დაკარგვა აღარ შეიძლება და არც უნდა მივცეთ ამის საშუალება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

სააკაშილი იმედოვნებს, რომ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გამოვა ციხიდან, ის მიიღებს ძალიან მკვეთრ გადაწყვეტილებებს.

 

„ჩვენ მართლაც იმედი გვაქვს მისი ლიდერობის და მისი შეუპოვარი ხასიათის, მაგრამ ყველა ადამიანი უნდა ჩაერთოს ამაში. მხოლოდ ნიკა ან ნებისმიერი ჩვენგანი ვერაფერს შეძლებს, თუ ყველანი არ ვიყავით ძალიან აქტიურები. გვჭირდება რიგგარეშე არჩევნები, რადგან არჩევნები, რომელიც იყო, იყო ბოლომდე გაყალბებული და მოპარული, ეს იცის ყველამ. მივესალმები ევროპელების ჩართულობას, მივესალმები მაღალ დონეზე ინტერესის გატანას, მივესალმები საერთაშორისო რეაქციებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი ამას სათანადოდ აფასებს, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივ ვითარებაში.

 

ივანიშვილის გეგმა არის კოსმეტიკური ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, მოაშორებს ჟვანიას, დანიშნავს ვიღაც სხვას ამ პლებისციტს მოგვახვევს თავზე თავისი ფორმით და მერე ყველანაირ მანიპულაციებს შეეცდება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მკვეთრად და არ უნდა დავიტოვოთ მას მანევრის დრო და საშუალება.

ასეთია ჩემი აზრი დაფუძნებული ჩემს გამოცდილებაზე, როგორც საქართველოში ისევე უკრაინაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები