პოლიტიკა

„ლელომ“ რიონის ხეობაში ბოლო დღეებში განხორციელებული უფლებების დარღვევის ფაქტებზე პროკურატურისგან გამოძიების დაწყება მოითხოვა

12.04.21 16:40


პარტია „ლელო საქართველოსთვის“ რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დარღვევად აფასებს და პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

 

როგორც „ლელოს“ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დღეების განმავლობაში რიონის ხეობაში განვითარებული მოვლენები არღვევს რიონის ხეობის მცხოვრებთა და მშვიდობიანი დემონსტრანტების კონსტიტუციურ უფლებებს და ამაზე რეაგირება პროკურატურის მხრიდან ამ დრომდე არის ნული.

 

„განვითარებულ პროცესებში იკვეთება გადაადგილების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი და არაპროპორციული ჩარევა, შეკრების თავისუფლების უკანონო და დაუსაბუთებელი შეზღუდვა, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების უფლებების ხელყოფა, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა როგორც ადვოკატებისთვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის და სხვ.

 

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხეობაში საგანგებოდ ხდება ინტერნეტ-სიგნალის ჩახშობა, რაც ხელს უშლის ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების და ინტერნეტის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების განხორციელებას.

 

ამასთან, ჩანს, რომ რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესების ფარგლებში, უფლებები ეზღუდებათ არამხოლოდ მშვიდობიან პროტესტანტებს, არამედ ხეობაში მცხოვრებ სხვა მოქალაქეებსაც, რომლებსაც ყოველდღიური საქმიანობისას არაერთი დაბრკოლება შეექმნათ თავისუფლად გადაადგილების კუთხით და სხვ.

 

მივიჩნევთ, რომ აღნიშნული უფლებების უკანონო და დაუსაბუთებელი შეზღუდვა სავარაუდოდ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არაერთი დანაშაულის ნიშნებს,“- ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

 

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ამ ფაქტებზე რეაგირება პროკურატურის კანონისმიერი ვალდებულებაა და თუ გამოძიება არ დაიწყება, დადასტურდება, რომ პროკურატურა თავისი უმოქმედობით, ხელს უწყობს, ახალისებს და თანამონაწილეობს მიმდინარე მასშტაბურ უკანონობასა და უფლებადარღვევებში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონს და ამ უწყების კონსტიტუციურ ფუნქციას.

 

„მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, იმოქმედოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლებზე დაყრდნობით და დაიწყოს გამოძიება რიონის ხეობაში ბოლო დღეების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე;

ამასთან, აუცილებელია, არამხოლოდ მათი იდენტიფიცირება, ვინც უშუალოდ ახორციელებს ღონისძიებებს, არამედ ასევე მათიც, ვინც პოლიციელებს უკანონო ბრძანებებს აძლევს, ან თავისი უმოქმედობით ახალისებს ქვემდგომების მხრიდან ასეთის ჩადენას.

 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ასევე მოვითხოვე, რომ გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართოს,“- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები